კარანტინი ბოლნისში

ბოლნისის მაჟორიტარი: 25 მარტს სწრაფი ტესტი 13 ადამიანს გაუკეთეს, ერთს დაუდასტურდა ვირუსი

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით, გუშინ, 25 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სწრაფი ტესტი 13 ადამიანს გაუკეთა, მათ შორის მხოლოდ ერთი იყო დადებითი. მეშველიანის ინფორმაციით, ეს ის 13 ადამიანია, ვისაც მარნეულში დაინფიცირებულ ქალთან ჰქონდა კონტაქტი. 

"ინფიცირებული გახლავთ ახალგაზრდა  ქალბატონი, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი სიმპტომი არ გააჩნდა და რომ არა ეს  გამოკვლევა, შეუძლებელი იქნებოდა ვირუსის არსებობის დადასტურება. თუმცა ეს ქალბატონიც და დანარჩენი 12-ნიც იყვნენ თვითიზოლაციაში  და შეზღუდული ჰქონდათ კონტაქტი გარე სამყაროსთან და შესაბამის რეკომენდაციებს იცავდნენ," - ამბობს მეშველიანი. 

გოგი მეშველიანის ინფორმაციით, ბოლსნისში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი და იღებს მოქალაქეების ზარებს და ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ. 

22 მარტს მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეულის და ბოლნისის რაიონები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდნენ, მას შემდეგ რაც აღმოჩდა, რომ მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალს 100-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. 

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 77 შემთხვევაა დადასტურებული. 4346 ადამიანი კარანტინშია. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

კომენტარები