ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო ონლაინ რეჟიმში გამართულ ჯიმი კიმელის შოუში, მსახიობმა კორტნი კოქსმა განაცხადა, რომ საკუთარი სატელევიზიო შოუს - მეგობრების ხელახლა ნახვა გადაწყვიტა.
"თვითიზოლაციის დრო გადავწყვიტე "მეგობრები" კიდევ ერთხელ ვნახო. პირველ სეზონზე ვარ და ძალიან კარგი ჩანს. ცუდი მეხსიერება მაქვს, საკუთარი ეპიზოდების უმეტესობა საერთოდ არ მახსოვს. სახლში ჯდომა დიდხანს მომიწევს, ათივე სეზონს ვნახავ და კარგადაც გავერთობი."
1994 წელს დაწყებული Friends ათი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალი იყო. შოუს დღემდე მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. 2020 წელს სპეციალური სერიის გადაღება იგეგმებოდა, რომელშიც მთავარი როლის შემსრულებლები - კორტნი კოქსი, მეთიუ პერი, ჯენიფერ ენისტონი, მეთ ლებლანი, ლაიზა კუდროუ და დევიდ შვიმერი კიდევ ერთხელ გამოჩნდებოდნენ. ამ ეტაპზე კორონავირუსის გამო სპეციალური სერიის გადაღებები შეჩერებულია.