კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: სწრაფი ტესტების პირველი პარტია საქართველოშია, მათ მარნეულში გამოვიყენებთ

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, თქმით, საქართველოშ სწრაფი ტესტების პირველი პარტია, 1000 ერთეული, ჩამოვიდა. ტესტის პასუხის მისაღებად 6 საათის ნაცვლად, 1.5 საათი იქნება საკმარისი. 

"ეს საშუალებას მოგცემს უფრო სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების მართვაზე," - უთხრა ჟურნალისტებს ტიკარაძემ მარნეულში.

მისი თქმით, ტესტების ჩამოსვლას ახლო მომავალში ისევ ელიან, კვირის ბოლოს - 3000-სს, შემდეგ კი - 5000-სს. საერთო ჯამში კი, 200 000 ტესტზეა გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ეტაპობრივად ჩამოვა საქართველოში.

ტესტების პირველი პარტია - 1000 ტესტი - მხოლოდ მარნეულის მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. 

"აქ მაღალი რისკია და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ეს ტესტები გაკეთდება მარნეულში," - უთხრა მან ჟურნალისტებს.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 10 უკვე გამოჯანმრთელდა. აქტიური 63 შემთხვევიდან ერთი მარნეულელი ქალია, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. 

სწორედ ამ პაციენტის შემთხვევასთან დაკავშირებით გამოცხადდა მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი. 

60 წელს გადაცილებულ მარნეულელ ქალს კორონავირუსი 22 მარტს დაუდასტურდა. ქალმა სარიტუალო ღონისძიებაში [როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი - წლისთავი] მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლნისიდან ჩასული ადამიანებიც მონაწილეობდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოვლენილია მისი 90-ზე მეტი კონტაქტი, თუმცა, “რაოდენობა კიდევ უფრო მეტია”. ინფიცირებულის კონტაქტების სავარაუდო კონტაქტები კი, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, 1700-ს აღწევს.

ქალის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა. ეს მეოთხეული გადაცემის პირველი შემთხვევაა, რაც შიდა გავრცელებას გულისხმობს - ქალი ვერ ასახელებს კონკრეტულ კონტაქტს, თუ ვისგან შეიძლებოდა გადასდებოდა ინფექცია.

კომენტარები