კორონავირუსი საქართველოში

"ახლაა შავი დღე" - ევროპული საქართველო საპენსიო დანაზოგის დაბრუნების ინიციატივით გამოდის

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველო მთავრობას წინადადებით მიმართავს და მოუწოდებს, ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგები დაუბრუნოს. 

პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი საზოგადოების ყურადღება ახლა მთავარ საფრთხისკენ, დაავადების გავრცელებისკენაა მიპყრობილი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება. 

"ამ დროს მხოლოდ ზოგადი მოწოდება, რომ ხალხს დავეხმაროთ, საკმარისი არაა. კონკრეტული წინადადებებია საჭირო,"- ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, სწორედ ამიტომ, ევროპული საქართველო გამოდის კონკრეტული შეთავაზებით მთავრობის მიმართ და საუბრობს ფულის კონკრეტულ წყაროზე, თუ საიდან შეიძლება, თუნდაც მცირედით მოქალაქეებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა. 

"ეს არის ის ფული, რომელიც ეკუთვნის ყველა დასაქმებულს და დამსაქმებელს. ჩვენი ფული. ის ფული, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში ე.წ საპენსიო გადასახადით აიკრიფა. ეს ფული ახლა დევს  იდეაში ამ რეფორმის შედეგად, რომელსაც ჩვენ არასდროს ვეთანხმებოდით, მაგრამ ეს არ არის ახლა მნიშვნელოვანი.

ეს იყო შავი დღისთვის, სიბერისთვის გადადებული ფული. ახლაა ეს შავი დღე. ახლა სჭირდება ამ ხალხს ეს ფული და უნდა მივცეთ ყველა მოქალაქეს, ყველა დასაქმებულს და დამსაქმებელს შესაძლებლობა, რომ ეს ფული დაიბრუნოს," - თქვა ბოკერიამ ბრიფინგზე.

დეპუტატის თქმით, თუკი მთავრობა ევროპული საქართველოს წინადადებას გაითვალისწინებს, ჯამში მოქალაქეები 480 000 000 ლარზე მეტი დაუბრუნდებათ, მეწარმეებს კი - 170 000 000 ლარამდე. მისივე თქმით, ერთ ადამიანს, მინიმუმ, საშუალოდ 600 ლარამდე დაუბრუნდება, ხოლო თითოეულ დამსაქმებელს თითო დასაქმებულზე, დაახლოებით, 250 ლარი.

ლარის გაუფასურება ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაიწყო. ბოლო კვირებში საქართვეოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 60 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ლარი მხოლოდ ერთ სავაჭრო დღეს, 15 მარტს გამყარდა. 

დღეს ადგილობრივ სავალუტო ბაზარზე ლარი მკვეთრი ტემპებით უფასურდება. 

კომერციულ ბანკებში $1-ის ღირებულება ₾3.5-ს აღემატება. იგივე მაჩვენებელია Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც. ოფიციალური კურსით $1-ის ღირებულება ₾3.23-ია, ხოლო €1-ს - ₾3.45.

აქედან გამომდინარე ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან დამატებით $40 000 000-ის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. 

კომენტარები