კორონავირუსი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: 200 000-ზე მეტი ტესტი აპრილის დასაწყისში იქნება ქვეყანაში

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ხვალ ჩინეთიდან საქართველოში 1 000 სწრაფი ტესტი ჩამოვა. 

მისივე განმარტებით, ტესტის ჩასატარებლად აუცილებელია ექიმის მოთხოვნა, რომ პაციენტს ნამდვილად სჭირდება ტესტით შემოწმება. 

"ჩინეთიდან უკვე წამოვა 1 000 ტესტი, ეს არის საჩუქარი. ხვალ უკვე ეს ტესტები იქნება ქვეყანაში. 200 000-ზე მეტი ტესტი აპრილის დასაწყისში იქნება ქვეყანაში. ეპიდემიოლოგიური  საექიმო შეფასების გარეშე, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ტესტს მარტივად გავიკეთებთ. ამას სჭირდება წინა პირობა, შეფასება, სამედიცინო დასკვნა," - განაცხადა გაბუნიამ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 67 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 9 პირი გამოჯანმრთელდა, მათგან 8-მ უკვე დატოვა კლინიკა.

23 მარტიდან, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. მოსახლეობას გადაადგილება მხოლოდ საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად შეუძლია. მიზეზი მარნეულში მცხოვრები 60 წელს გადაცილებული ქალია, რომელსაც კორონავირუსი 22 მარტს დაუდასტურდა. ქალმა სარიტუალო ღონისძიებაში [როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი - წლისთავი] მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლნისიდან ჩასული ადამიანებიც მონაწილეობდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოვლენილია მისი 90-ზე მეტი კონტაქტი, თუმცა, "რაოდენობა კიდევ უფრო მეტია". ინფიცირებულის კონტაქტების სავარაუდო კონტაქტები კი, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, 1700-ს აღწევს.

კომენტარები