კორონავირუსი

ზოიძე მარნეულში ინფიცირებულზე: ძალიან ბევრი კონტაქტი იკვეთება, დაახლოებით 1700-მდე

აიპრესი

ჯანდაცვის ექსპერტის, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულის "საკმაოდ ბევრი" კონტაქტი იკვეთება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ზოიძემ განმარტა, რომ საუბარია 1700-მდე ადამიანზე.

"მარნეულში და ბოლნისში საკმაოდ პრობლემატური საკითხია ის, რომ ძალიან ბევრი კონტაქტი იკვეთება, რაც არის დაახლოებით 1700-მდე უკვე. იმ 90-დან შემდგომი ტალღა კონტაქტების 1700-მდეა და ყველა ამათი გამოკვლევა და შემდგომი იზოლაცია იქნება საჭირო“ ,- ამბობს ზოიძე. 

23 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ თქვა, რომ მარნეულში გამოვლენილი ვირუსის მატარებელი პირის "პრაქტიკულად ყველა კონტაქტი" დადგენილია და ისინი იზოლაციაში იმყოფებიან. როგორც იმნაძე განმარტავს, საუბარია 90-ზე მეტ ადამიანზე, აქედან 3 პირი უკვე გამოკვლეულია და მათი პასუხები უარყოფითია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დანარჩენი კონტაქტების გამოკვლევა.

22 მარტს, ამირან გამყრელიძე ამბობდა, რომ მარნეულის პაციენტის 86 კონტაქტია გამოვლენილია და მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტია. ასევე გუშინ, მთავრობაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ დადგენილია 90 საკონტაქტო პირი, თუმცა "ჯერ ეს არაფერს ნიშნავს, სიტუაცია საკმაოდ რთულია".

საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 54 შემთხვევიდან ერთერთი მარნეულში მცხოვრები ქალია, რომელსაც, NCDC-ის ინფორმაციით, 90-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

პრემიერმინისტრ გახარიას ინფორმაციით, ქალმა სარიტუალო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლნისიდან ჩამოსული ადამიანებიც მონაწილეობდნენ.

ამ მიზეზით, ხელისუფლებამ მარნეულის და ბოლნისის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

კომენტარები