დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, 39 პაციენტიდან, რომლებსაც აქვთ ახალი კორონავირუსი, პნევმონია 12-ს განუვითარდა.
საყურადღებოა 3 ადამიანის მდგომარეობა, მათგან 2 ხანდაზმულია.
"მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები", - თქვა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დღემდე ჩატარებულია ინფიცირებულთა 238 კონტაქტის ჩაღრმავებული მოკვლევა, განხორციელებულია 10 000 ზარი, რათა მოხდეს მეტი კონტაქტის მოძიება და პრევენციული ზომების მიღება.
გამყრელიძისვე ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1344 ადამიანი, თვითიზოლაციაში - 1446. დღეს 197 თვითიზოლციიდან გავიდა და ჯანმრთელები არიან.
რაც შეეხება ინფიცირების ისტორიას, გამყრელიძე ამბობს, რომ 2-ს ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, ერთს - ესპანეთში. 3 პაციენტი გარკვეულწილად საფრანგეთთანაა დაკავშირებული, ყველა დანარჩენის ისტორია კი იტალიას უკავშირდება.
მისივე განცხადებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საავადმყოფოებში მოთავსებულია საქართველოს 20 მოქალაქე, მათგან ერთი გარდაიცვალა.
საქართველოში 19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა.





