სახელმწიფო სპეციალურ და განსაკუთრებულ ზომებს სწორად იღებს, როდესაც მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მასობრივი შეკრებებისგან, აძლევს კაფე-ბარებსა და რესტორნებს გატანის სერვისზე გადასვლის რეკომენდაციას ან საერთოდ ზღუდავს სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილებას. ყველა ეს მოწოდება და შეზღუდვა მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად შევზღუდოთ კორონავირუსის გავრცელება და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ამასთან ერთად, საქართველოს მთავრობა პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, უარს ამბობს, მსგავსი თხოვნითა და რეკომენდაციით მიმართოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და სხვა რელიგიურ ჯგუფებს.
საქართველოში მრავალი მორწმუნე ცხოვრობს, ტაძრები კი მორწმუნეთა შეკრების მთავარი ადგილია. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი რეკომენდაციის გაცემა სწორი და დროული იქნებოდა. ასე მოიქცა მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ხელისუფლება და მსგავსი რეკომენდაცია გაითვალისწინეს არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ და სხვა კონფესიებისა თუ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებმა.
ასეთ დროს, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე მოქალაქეების უსაფრთხოების საპირწონედ, ასეთი რეკომენდაციის არგაცემა დიდი შეცდომა და უპასუხისმგებლობაა.
მოვუწოდებთ ყველას და განაკუთრებით ყველაზე დიდი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებს, მიიღონ სრულყოფილი და ადეკვატური ზომები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველა რისკის მოსახსნელად





