კორონავირუსი საქართველოში

ევროპული საქართველოს მოხალისეები და დეპუტატები მარტოხელა მოხუცებს პროდუქტს დაურიგებენ

ტაბულა

ევროპული საქართველოს ცნობით, პარტიის აქტივისტები 7 ქალაქში - თბილისი, ბათუმი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, ახალციხე - მარტოხელა მოხუც ადამიანებს თვითიზოლაციის წესების დაცვაში დაეხმარებიან. 

პარტიის ინფორმაციით, აქტივისტები ასეთ ადამიანებს კვირაში ერთხელ მიუტანენ საკვებსა და სადეზინფექციო საშუალებებს. 

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის, თქმით, საკვებისა და სადეზინფექციო საშუალებების დარიგების პროცესში მოხალისეებთან და ახალგაზრდებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ პარტიის დეპუტატებიც, მათ შორის თავად დავით ბაქრაძეც. 

"ჩვენ ყველა ვივლით ოჯახებში და დავეხმარებით ადამიანებს იმიტომ, რომ დღეს არის იმის დრო, რომ საზოგადოებამ აჩვენოს ერთიანობა და სოციალური სოლიდარობა მათ, ვისაც ყველაზე მეტად ემუქრება ვირუსის საფრთხე,"- თქვა ბაქრაძემ. 

დეპუტატის თქმით, პარტია ამ ყველაფერს საკუთარი ხარჯებით აკეთებს და ამ დროისთვის ყველაფერი მზადაა - მობილიზებულია თანხა და ნაყიდია პროდუქტი. როგორც ბაქრაძე ამბობს, მოხალისეები აღჭურვილები იქნებიან უსაფრთხოების ყველა ზომით, როგორიცაა დამცავი ნიღბები, ხალათები, ხელთათმანები და სადეზინფექციო საშუალებები. 

ბაქრაძის თქმით, ერთადერთი, რაც ამ დროისთვის გასაკეთებელია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებაა და პარტია დღესვე დაუკავშირდება ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს. 

"გვესმის, რომ მოხალისეობას სჭირდება უსაფრთხოების ძალიან მკაცრი ზომების დაცვა. ეს პროგრამა დაიწყება მხოლოდ და მხოლოდ დაავადების ეროვნული ცენტრის კონტროლის ურთიერთთანამშრომლობის, მათი მხრიდან შესაბამისი რეკომენდაციებისა და თანხმობის მიღების შემდეგ. იმედი გვაქვს, რომ ამ თანხმობას მივიღებთ და მზად ვიქნებით, რომ უკვე ამ კვირიდან ჩვენი მოხალისეების ჯგუფმა დაიწყოს მუშაობა," - ამბობს დავით ბაქრაძე. 

დეპუტატ ირაკლი აბესაძის თქმით, ამ ყველაფერს პარტია პოლიტიკური, თუ საარჩევნო მიზნების გარეშე აკეთებს. 

"ხაზი მინდა, გავუსვა, რომ ყოველგვარი პოლიტიკური თუ საარჩევნო მიზნების გარეშე, ჩვენ ვცდილობთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ვირუსის გავრცელების მაღალ რისკის ჯგუფში არიან, მივცეთ შესაძლებლობა, სახლში იყვნენ უსაფრთხოდ, თუმცა იმავდროულად სახლში ჰქონდეთ საკვები და ჰიგიენის საშუალებები, რაშიც ჩვენი მოხალისეები დაგვეხმარებიან,"- თქვა ირაკლი აბესაძემ. 

კომენტარები