პენიტენციური სამსახური

პენიტენციური სამსახური: პატიმრებს ფასიან დროზე 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო დაემატათ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, თითოეულ პატიმარს მისთვის კანონით დადგენილ ფასიან დროზე 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო დაემატა. უწყების თქმით, პაემნების დროებით აკრძალვიდან გამომდინარე, ეს პატიმრებისთვის გარკვეული შეღავათია.

"როგორც ცნობილია, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობებია შემოღებული, რის შედეგადაც ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე, ასევე საოჯახო და ხანგრძლივი პაემნების უფლებით სარგებლობა შეუჩერდათ. გარე სამყაროსთან ურთიერთობის დეფიციტის ნაწილობრივ შესავსებად, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, და მიმწოდებელ კერძო კომპანიასთან ჩატარებული შესაბამისი სამუშაოების შედეგად, პატიმრები 16 მარტიდან ზემოხსენებული სატელეფონო შეღავათით სარგებლობენ, მათ შორის, განსაკუთრებული რისკის პენიტენციურ დაწესებულებებში. შეღავათის ფარგლებში თითოეულ პატიმარს (გარდა საგამოძიებო ორგანოს მიერ შეზღუდვადაწესებული ბრალდებულებისა და იმ პატიმრებისა, ვისაც პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილი დარღვევის გამო დისციპლინური სახდელის სახით სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ შეზღუდული) 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო აქვს, რომელსაც მომდევნო ერთი თვის განმავლობაში საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენებს," - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება.

კომენტარები