აშშ-ერაყი

პომპეო ერაყს მოუწოდებს დასაჯოს აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ჯგუფები

მაიკ პომპეო
Getty Image

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ერაყის პრემიერმინისტრს მიმართა და გააფრთხილა, რომ თუ აშშ-ს თავს დაესხმებიან, საპასუხო ზომებს მიიღებენ. პომპეო ადელ აბდულ მაჰდის 15 მარტს ესაუბრა და უთხრა, რომ ერაყის მთავრობამ ტერორისტებთან მებრძოლი კოალიციის ძალები უნდა დაიცვას:

"სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ხაზი გაუსვა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი დაჯგუფება უნდა დაისაჯოს. მან თქვა, რომ ამერიკა არ შეეგუება თავდასხმას და მუქარას ამერიკელების მისამართით და დამატებით ზომებს მიიღებს თავდაცვისათვის." ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ერაყში ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე, სადაც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციაში შემავალი ამერიკელი სამხედროები იმყოფებოდნენ, სარაკეტო თავდასხმა მოხდა.

14 მარტს, დილით, ერაყში ტაჯის სამხედრო ბაზაზე 33 Katyusha-ს ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს. შედეგად მძიმედ დაშავდა ერაყის სამხედრო ძალების რამდენიმე წარმომადგენელი და 2 ამერიკელი სამხედრო. მსუბუქად დაშავდა კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო.

12 მარტს ამავე ბაზაზე სარაკეტო თავდასხმას ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. პასუხად აშშ-მა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თქმით დარტყმების სამიზნეს ერაყის სხვადასხვა რეგიონში ქათა'იბ ჰეზბოლას იარაღის 5 საწყობი წარმოადგენდა. მონიტორინგის ჯგუფების ინფორმაციით აშშ-ის დარტყმებისას მოკლულია 26 ადამიანი.

გასულ წელს აშშ-მა ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური სამხედრო დაჯგუფება ერაყში განხორციელებულ 13 მსგავს თავდასხმაში დაადანაშაულა. ერთ-ერთი თავდასხმის დროს, რომელიც კირკუკში სამხედრო ბაზაზე განხორციელდა, დაიღუპა ერთი ამერიკელი კონტრაქტორი. პასუხად, გასული წლის დეკემბრის ბოლოს აშშ-მა დაჯგუფების ბაზა დამბობმა. დაიღუპა სულ მცირე 25 მებრძოლი. ამას ბაღდადში აშშ-ის საელჩოსთან აქციები და საელჩოზე თავდასხმა მოჰყვა, რის ორკესტრირებაშიც აშშ-მა ირანი და კონკრეტულად კი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაადანაშაულა. სწორედ ამის შემდეგ გაიცა ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ბრძანება თეთრ სახლში. სოლეიმანისთან ერთად აშშ-ის საჰაერო დარტყმებისას მოკლულია ქათა'იბ ჰეზბოლას ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.

კომენტარები