თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ინფიცირების სამივე შემთხვევა, რომლებიც დღეს გამოვლინდა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელია.
მისივე თქმით, ეს შემთხვევები არ უკავშირდება უკვე დადასტურებულ შემთხვევებს.
"მათი კონტაქტების შესწავლა ახლა მიმდინარეობს", - თქვა მან.
ცერცვაძე აცხადებს, რომ ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ორის - დამაკმაყოფილებელი.
ცერცვაძისვე თქმით, სამივე დაინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა მაღალი რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან შემოსულ ადამიანებთან. მისივე თქმით, კარგია, რომ არ გამოვლენილა მეოთხეული შემთხვევა, როცა ადამიანმა არ იცის, ვისთან კონტაქტის შემდეგ გადმოედო ვირუსი.
მისივე თქმით, ზუსტად არ იცის, პაციენტები, რომლებსაც ვირუსი დღეს დაუდასტურდათ, თვითიზოლაციაში იყვნენ თუ კარანტინში, მაგრამ "იზოლაციის წესი დაცული ჰქონდათ".
დღეს, 15 მარტს ახალი კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა. ახლა საქართველოში მლიანობაში 33 შემთხვევაა გამოვლენილი.
რაც შეეხება უკვე არსებულ პაციენტებს - ცერცვაძის თქმით, კიდევ ერთი მათგანის პირველმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. პაციენტი ირანიდან იყო შემოსული. მას განმეორებითი ანალიზი ხვალ, 16 მარტს ჩაუტარდება.
რაც შეეხება პირველ პაციენტს, რომელსაც პირველადი ტესტირებით ასევე უარყოფითი პასუხი ჰქონდა - ცერცვაძის თქმით, მეორე ტესტირებამ, რომელიც სხვა მეთოდით კეთდება, სუსტი დადებითი აჩვენა, რაც ნიშნავს, რომ ვირუსი მისი ორგანიზმიდან ბოლომდე არ გასულა და შესაბამისად, მისი გაწერა რამდენიმე დღით გადავადდა.
ცერცვაძე ამბობს, რომ თუ მე-3 პაციენტის ანალიზი ხვალ უარყოფით პასუხს აჩვენებს, ის საავადმყოფოს პირველ პაციენტზე ადრე დატოვებს.
ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კარანტინის რეჟიმშია 427 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 73;





