ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ მე-3 პაციენტის პირველმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. პაციენტი ირანიდან იყო შემოსული. მას განმეორებითი ტესტი ხვალ, 16 მარტს ჩაუტარდება.
რაც შეეხება პირველ პაციენტს, რომელსაც პირველადი ტესტირებით ასევე უარყოფითი პასუხი ჰქონდა - ცერცვაძის თქმით, მეორე ტესტირებამ, რომელიც სხვა მეთოდით კეთდება, სუსტი დადებითი აჩვენა, რაც ნიშნავს, რომ ვირუსი მისი ორგანიზმიდან ბოლომდე არ გასულა და შესაბამისად, მისი გაწერა რამდენიმე დღით გადავადდა.
ცერცვაძე ამბობს, რომ თუ მე-3 პაციენტის ანალიზი ხვალ უარყოფით პასუხს აჩვენებს, ის საავადმყოფოს პირველ პაციენტზე ადრე დატოვებს.
რაც შეეხება მე-4 პაციენტს, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო - ცერცვაძემ თქვა, რომ მისი მდგომარეობა უმჯობესდება და სიცოცხლის საფრთხის შემცველი აღარ არის.
დღეს, 15 მარტს ახალი კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა. ახლა საქართველოში მლიანობაში 33 შემთხვევაა გამოვლენილი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ სამივე დაინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა მაღალი რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან შემოსულ ადამიანებთან. მისივე თქმით, კარგია, რომ არ გამოვლენილა მეოთხეული შემთხვევა, როცა ადამიანმა არ იცის, ვისთან კონტაქტის შემდეგ გადმოედო ვირუსი.
მისივე თქმით, ზუსტად არ იცის, პაციენტები, რომლებსაც ვირუსი დღეს დაუდასტურდათ, თვითიზოლაციაში იყვნენ თუ კარანტინში, მაგრამ "იზოლაციის წესი დაცული ჰქონდათ".
ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ინფიცირების სამივე შემთხვევა ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, ასევე, ისინი არ არიან კავშირში უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან.
"მათი კონტაქტების შესწავლა ახლა მიმდინარეობს", - თქვა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.
ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კარანტინის რეჟიმშია 427 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 73;
_______________________________________________________________________
ახალი კორონავირუსი COVID-19 ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. COVID-19 მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
WHO-მ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა, "გავრცელებისა და სიმძიმის შემაშფოთებელი დონისა და შემაშფოთებელი უმოქმედობის" მიზეზებით.
COVID-19 ადამიანიდან ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა, ანუ სითხეებით, რომლებიც პირიდან და ცხვირიდან გამოიყოფა. ვირუსის სიმპტომებია: სხეულის მომატებული ტემპერატურა; სუნთქვის გაძნელება; დაღლილობა; მშრალი ხველა; ცხვირის დაგუბება; სურდო; დიარეა.
ვირუსის თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს რეკომენდაციებს: ხელები ხშირად დავიბანოთ, არანაკლებ 20 წამის განმავლობაში; ხელების დაბანამდე არ შევეხოთ სახეს, ცხვირს, ტუჩებს, თვალებს; დეზინფექციისთვის გამოვიყენოთ სამედიცინო სპირტი ან სხვა სითხეები, რომელთა შემცველობის 70% ან მეტი სპირტია. მოვერდოთ თავშეყრის ადგილებს, საჯარო სივრცეებში ყოფნას; იმ შემთხვევაში, თუ კონტაქტი გვქონდა ინფიცირებულთან ან სავარაუდო ინფიცირებულ ადამიანთან, 2 კვირის განმავლობაში დავრჩეთ თვითიზოლაციაში.
NCDC-მ და საქართველოს მთავრობამ დააწესა 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინი ან თვითიზოლაცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოში შემდეგი 8 ქვეყნიდან შემოვლენ: ჩინეთიდან; სამხრეთ კორეიდან; ირანიდან; იტალიიდან; საფრანგეთიდან; გერმანიიდან; ესპანეთიდან; ავსტრიიდან;





