დღეს, 15 მარტს ახალი კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა. 15 მარტის მდგომარეობით, საქართველოში მთლიანობაში Covid-19-ით დაინფიცირების 33 შემთხვევა გამოვლინდა.
თბილისის ინფექციური სააბადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ სამივე დაინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა მაღალი რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან შემოსულ ადამიანებთან.
"ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები. ერთი კაცი და 2 ქალი. სამივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმედისმომცემ სიტუაციას, რომ საქართველოში არ გამოვლენილა მეოთხეული შიდა გადაცემა, როცა დაინფიცირდება პაციენტი ისე, რომ არ იცის, ვისგან გადმოედო. ანუ ვთქვათ, პიროვნება გავიდა მაღაზიაში, ქუჩაში, შემდეგ აღმოჩნდეს ინფიცირებული ისე, რომ არ იცის, ვისთან ჰქონდა კონტაქტი. ეს მდგომარეობა უფრო სპეციფიკურია და შემდეგ საპასუხოდ სხვა ტაქტიკას გულისხმობს. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა", - თქვა ცერცვაძემ.
მივივე თქმით, ზუსტად არ იცის, პაციენტები, რომლებსაც ვირუსი დღეს დაუდასტურდათ, თვითიზოლაციაში იყვნენ თუ კარანტინში, მაგრამ "იზოლაციის წესი დაცული ჰქონდათ".
ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კარანტინის რეჟიმშია 427 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 73;
საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების სულ 33 შემთხვევა გამოვლინდა.
________________________________________________________
ახალი კორონავირუსი COVID-19 ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. COVID-19 მსოფლიოს 149 ქვეყანაშია გავრცელებული.
WHO-მ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა, "გავრცელებისა და სიმძიმის შემაშფოთებელი დონისა და შემაშფოთებელი უმოქმედობის" მიზეზებით.
COVID-19 ადამიანიდან ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა, ანუ სითხეებით, რომლებიც პირიდან და ცხვირიდან გამოიყოფა. ვირუსის სიმპტომებია: სხეულის მომატებული ტემპერატურა; სუნთქვის გაძნელება; დაღლილობა; მშრალი ხველა; ცხვირის დაგუბება; სურდო; დიარეა.
ვირუსის თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს რეკომენდაციებს: ხელები ხშირად დავიბანოთ, არანაკლებ 20 წამის განმავლობაში; ხელების დაბანამდე არ შევეხოთ სახეს, ცხვირს, ტუჩებს, თვალებს; დეზინფექციისთვის გამოვიყენოთ სამედიცინო სპირტი ან სხვა სითხეები, რომელთა შემცველობის 70% ან მეტი სპირტია. მოვერდოთ თავშეყრის ადგილებს, საჯარო სივრცეებში ყოფნას; იმ შემთხვევაში, თუ კონტაქტი გვქონდა ინფიცირებულთან ან სავარაუდო ინფიცირებულ ადამიანთან, 2 კვირის განმავლობაში დავრჩეთ თვითიზოლაციაში.
NCDC-მ და საქართველოს მთავრობამ დააწესა 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინი ან თვითიზოლაცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოში შემდეგი 8 ქვეყნიდან შემოვლენ: ჩინეთიდან; სამხრეთ კორეიდან; ირანიდან; იტალიიდან; საფრანგეთიდან; გერმანიიდან; ესპანეთიდან; ავსტრიიდან;





