როგორ გავწმინდოთ მობილური ტელეფონები ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად

BBC

იმისათვის, რომ ახალი კორონავირუსით დაინფიცირების რისკები შევამციროთ, აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა, ხელების ხშირად დაბანა, სახეზე ხელის ნაკლებად მოკიდება და ა.შ. იმისათვის, რომ ხელზე ნაკლები მიკრობი მოხვდეს, სასურველია სუფთა იყოს ჩვენი მობილური ტელეფონებიც, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და ადამიანების უმეტესობას მუდმივად თან აქვს.

ტელეფონის, მათ შორის მისი ეკრანის გაწმენდა დასაშვებია იზოპროპილის სპირტის 70%-ის შემცველობის მქონე სითხით, მაგალითად Clorox-ის სადეზინფექციო ხელსახოცებით, რასაც რეკომენდაციას უწევს Apple-ი. სასურველია სპრეი არ დავასხათ პირდაპირ ტელეფონის ეკრანს, არამედ ხელსახოცს, რომლითაც შემდეგ ეკრანს და მთლიანად ტელეფონს გავწმენდთ.

ტელეფონის გაწმენდა შესაძლებელია საპნის და წყლის მეშვეობითაც. ამისათვის საჭიროა გამოვრთოთ ტელეფონი, საპნიანი წყლით დავასველოთ ნაჭერი და ამ ნაჭრით გავწმინდოთ ტელეფონი. ამის შემდეგ გავწმინდოთ ტელეფონი მშრალი, სუფთა ნაჭრით.

ტელეფონის გაწმენდისას სასურველია გვეკეთოს ერთჯერადი ხელთათმანები, ხოლო მისი გაწმენდის შემდეგ გადავყაროთ ეს ხელთათმანები და ხელი დავიბანოთ.

რა თქმა უნდა, აუცილებელია ტელეფონის ჩასადების გაწმენდაც.

ტელეფონის გასაწმენდად არ უნდა გამოვიყენოთ გამათეთრებელი, ლაქების ამომყვანის საშუალებები, აცეტონი ან აეროზოლის სპრეი. ამასთანავე გაწმენდისას ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ გამწმენდი სითხე არ მოხვდეს ყურსასმენის ან დამტენის შესაერთებელ ადგილას, ტელეფონის შიგნით, რათა ტელეფონი არ დაზიანდეს.

გარდა ტელეფონის გაწმენდისა, სასურველია ყოველდღიური ქცევების შეცვლაც, მაგალითად ტელეფონის გადაწოდების ნაცვლად სასურველი ინფორმაციის ელექტრონული შეტყობინების სახით გაზიარება, ტელეფონის სახესთან მიტანის ნაცვლად კი ყურასმენების ან ბლუთუზის ხმარება.

ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენ ხანს შეუძლია ვირუსს გაჩერდეს მყარ ზედაპირზე და იყოს სახიფათო ადამიანისათვის. ვირუსის გადაცემის მთავარ წყაროდ ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა რჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ ვირუსის თავიდან აცილებისთვის ჰიგიენის ჩვეულებრივი წესები დავიცვათ:

  • რეგულარულად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით, სულ მცირე 20 წამის განმავლობაში. წყლისა და საპნის არარსებობის შემთხვევაში, ხელების გასასუფთავებლად გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი საშუალება.
  • ცემინებისას და ხველებისას დაიფარეთ პირი და ცხვირი ხელსაცოხით. დაცემინების შემდეგ გადააგდეთ ხელსახოცი და დაუყოვნებლივ დაიბანეთ ხელები. ხელსახოცის არარსებობის შემთხვევაში ცემინებისას დაიხმარეთ თქვენი მოხრილი იდაყვი.
  • აუცილებლია იმ ნივთებისა თუ გარკვეული ზედაპირის მუდმივი დეზინფექცირება, რასაც თქვენ რეგულარულად ეხებით.
  • თავი აარიდეთ იმ ადამიანთან კონტაქტს, ვისაც სიცხე აქვს, ახველებს, აცემინებს ან გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს.
  • თუ გაქვთ სიცხე, გახველებთ ან სუნთქვის გართულება გაქვთ, სასწრაფოდ მიაკითხეთ სამედიცინო დაწესებულებებს და ასევე გაუზიარეთ მათ ინფორმაცია თქვენი ბოლოდროინდელი მოგზაურობის შესახებ.
  • ცოცხალ ცხოველებთან დაუცველად კონტაქტს თავი აარიდეთ.
  • უმი ან მაგრად მოუხარშავი ცხოველური პროდუქტის მიღებას თავი აარიდეთ. უმ ხორცთან, რძესთან ან ცხოველების ორგანოებთან იყავით ფრთხილად.

კომენტარები