ევროპარლამენტარების წერილი

ბოკერია: ევროპარლამენტარებმა იციან, რომ შეთანხმების შესასრულებლად პრეზიდენტია საჭირო

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, წერილი, რომელითაც 11-მა ევროპარლამენტარმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა აბსოლუტურად ბუნებრივია, რადგან დასავლელმა პარტნიორებმა იციან, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების შესასრულებლად პრეზიდენტის ინსტიტუტის გამოყენებაა საჭირო. საუბარია შეთანხმებაში პოლიტპატიმრების ნაწილზე, შეთანხმების ტექსტში საუბარია პრეზიდენტის როლზე ამ შეთანხმების შესრულებაში.

"ევროპარლამენტარების ინტერესში არის, რომ საქართველოში ვითარება დამშვიდდეს, არ იყოს ის ატმოსფერო, რომელიც იყო შექმნილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ატმოსფეროს დამშვიდებას სჭირდება შეთანხმების შესრულება და ამის საკვანძო საკითხი არის პოლიტპატიმრების და პოლიტიკური რეპრესიების თემა და სწორედ ამიტომ მიმართა მთელმა სპექტრმა პრეზიდენტს. ყველამ იცის, შეთანხმებაშიც წერია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის გამოყენება არის სასურველი ... ამ შემთხვევაში გიგი უგულავას გათავისუფლებისთვის არის ამ ინსტიტუტის გამოყენება საჭირო. როდის და რას იზამს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მე ამის პროგნოზს არ გავაკეთებ," - ამბობს ბოკერია.

გიგი უგულავამ და მისმა ადვოკატმა საქართველოს პრეზიდენტს გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ განცხადებით დღეს, 14 მარტს მიმართეს.

მანამდე კი სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა 11-მა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან. წერილი 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებულ ორმხრივ შეთანხმებას ეხება. 

"თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მოგიწოდებთ, განახორციელოთ თქვენი ლეგიტიმური კონსტიტუციური უფლებამოსილება, კონკრეტულად ბატონ უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რომლის გათავისუფლებაც საერთო შეთანხმების შესრულების ტესტად განიხილება." - წერია ევროპარლამენტარების წერილში.

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის დადებულ შეთანხმებას გამოეხმაურა სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში.

ჯიმ რიში წერს, რომ ის ელის პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირების მყისიერად გათავისუფლებას.

8 მარტს, ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე რომ ისაუბრეს ადასტურებს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი. პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ მემორანდუმს ხელი მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა არ მოაწერა.

რაც შეეხება პრეზიდენტის როლს შეთანხმების შესრულებაში, ოფიციალურ დოკუმენტში წერია:

"ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის შეთავაზებას, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს."

კომენტარები