ევროპარლამენტარების წერილი

26 ევროპარლამენტარი: მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური გავლენა იზრდება

ბიძინა ივანიშვილი
Screenshot/Imedi

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ძალის 26 წევრისგან კრიტიკული წერილი მიიღო, სადაც ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას დაჟინებით მოუწოდებენ, მიიღონ ზომები დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემისათვის. 

ევროპარლამენტარები სხვა საკითხებთან ერთად წერილში ყურადღებას ამახვილებენ მართლმსაჯულების სისტემაზე და წერენ, რომ ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრება ბევრ კითხვას აღძრავს. 

"მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ბოლო შერჩევისა და დანიშვნის პროცესი საკმარისად გამჭვირვალე და მერიტოკრატიული არ იყო. ადამიანების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ არსებითია და, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს იმ მოსამართლეების დანიშვნა, ვინც მაღალ პროფესიულ და რეპუტაციულ სტანდარტს აკმაყოფილებს

სამართლის უზენაესობის უზრუნველსაყოფად და სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის დასასრულებლად აუცილებელია აქამდე მიღწეული შედეგების კონსოლიდაცია. როგორც ჩანს, პოლიტიკური გავლენა მართლმსაჯულებაზე იზრდება, თუ მხედველობაში მივიღებთ პარტიის თავმჯდომარის მუქარას, რომელიც ოპოზიციას ციხეში ჩასმით დაემუქრა, ხელახლა გაიხსენა რა მივიწყებული საქმეები და მათ შორის ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაშია.

აღსანიშნავია, რომ ბატონი გიგი უგულავას საქმე აღძრავს კითხვებს იმ პროცედურების, დროისა და მოტივაციის შესახებ, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების უკან დგას," -წერია წერილში.

წერილს, რომელიც გახარიას მწვანეთა პარტიის ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ, გაუგზავნა, მწვანეების გარდა, ევროპის სახალხო პარტიის, სოციალ-დემოკრატებისა და ევროპის განახლების პარტიის წევრები აწერენ ხელს. 

სრულად წერილი წაიკითხეთ აქ.

კომენტარები