რას ნიშნავს პანდემია და იცვლება თუ არა რამე მისი გამოცხადებით?

Marco Sabadin/AFP Getty Images

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ტერმინ "პანდემიის" ზუსტი სამეცნიერო განმარტება არ არსებობს და მისი გამოცხადების გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იღებს.

თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პანდემია დაავადების გეოგრაფიულ გავრცელებაზე მიუთითებს და არა მის სიმძიმეზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას ასე განმარტავს: "პანდემია ახალი დაავადების გავრცელებაა მსოფლიოს მასშტაბით."

იმისათვის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადება პანდემიად გამოაცხადოს, აუცილებელია, ის ბევრ ქვეყანაში იყოს გავრცელებული.

სწორედ ეს განასხვავებს პანდემიას ეპიდემიისგან - ეპიდემია დაავადების უცაბედი გავრცელებაა კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონში, როცა პანდემია მის მრავალ ქვეყანაში აღრიცხვას გულისხმობს.

ამას გარდა, პანდემიის გამოცხადებამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყურადღებას აქცევს იმასაც, წარმოიშვა თუ არა უკვე დაავადების მეორე ტალღა. თუ პირველი ტალღისას დაავადება მისი რომელიმე კერაში დაინფირიცებულს ჩააქვს სხვაგან (მაგ. ირანიდან, იტალიიდან), მეორე ტალღისას ის უშუალოდ გეოგრაფიული რეგიონის შიგნით ვრცელდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არც იმის ზუსტი ზღვარი აქვს, თუ რამდენ ქვეყანაში უნდა იყოს გავრცელებული დაავადება, რათა პანდემიად გამოცხადდეს.

მაგალითისთვის, 2003 წელს კორონავირუსი სარსი 26 ქვეყანაში იყო გავრცელებული, თუმცა ჯანმო-ს ის პანდემიად არ გამოუცხადებია. ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებისას კი დაავადება უკვე 114 ქვეყანაში იყო აღრიცხული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ტერმინის გამოყენებისას ფრთხილობს, რათა მოსახლეობა და მთავრობები უსაფუძვლო პანიკას არ აყვნენ. ბოლო პანდემია ჯანმო-მ 2009 წელს გამოაცხადა H1N1-ის, იგივე ღორის გრიპის გავრცელებისას.

ამ გადაწყვეტილების გამო ორგანიზაციამ კრიტიკაც დაიმსახურა. კრიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ღორის გრიპის სიმძიმე არ წარმოშობდა დაავადების პანდემიად გამოცხადების აუცილებლობას, ჯანმო-ს ეს გადაწყვეტილება კი უსაფუძვლო შიშებისა და მათგან გამომდინარე ქმედებების საფუძველი აღმოჩნდა.

იცვლება თუ არა რამე ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებით?

რადგანაც პანდემია დაავადების გეოგრაფიულ გავრცელებას აღწერს და არა მის სიმძიმეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ცვლის რეკომენდაციებს მოსახლეობისა და მთავრობებისთვის.

"ვითარების პანდემიად გამოცხადება არ ცვლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსით გამოწვეული საფრთხის შეფასებას. არ ცვლის იმას, რასაც ჯანმო აკეთებს და არც იმას, რასაც უნდა აკეთებდნენ ქვეყნები," - ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი.

მთავარი მიზეზი, რის გამოც, მისი თქმით, ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადება გადაწყვიტა, სულ ორია: "გავრცელებისა და სიმძიმის შემაშფოთებელი დონე, ისევე, როგორც შემაშფოთებელი უმოქმედობა".

კომენტარები