კორონავირუსი

იტალიაში აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა ყველა დაწესებულება დაიხურა

Marco Sabadin/AFP Getty Images

კორონავირუსის გამო იტალიაში აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა ყველა დაწესებულება დაიხურა. გადაწყვეტილება 25 მარტამდე იქნება ძალაში. 

იტალიის პრემიერმინისტრის, ჯუზეპე კონტეს თქმით, დაიხურება რესტორნები, ბარები, სალონები და ყველა დაწესებულება, რომელთა მუშაობაც აუცილებელი არ არის. მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბანკები მუშაობას გაარძელებს. 

კონტეს თქმით, მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ ქარხნებსაც, თუმცა "სიფრთხილით". 

"მიღებული ზომების შედეგს რამდენიმე კვირაში დავინახავთ. მომავალ დღეებში შემთხვევების რაოდენობა შეიძლება კვლავ გაიზარდოს", - თქვა კონტემ. 

გუშინ, 11 მარტს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა

იტალიაში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 12 462 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 1 045. გარდაიცვალა 827 ადამიანი, 1 028-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, დაღუპულთა საშუალო ასაკი 81 წელია. მათივე ინფორმაციით, უმრავლესობას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

კომენტარები