კორონავირუსი

WHO-მ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა

McMaster University

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

"ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ, როგორც გავრცელების, ასევე, სიმძიმის და უმოქმედობის საგანგაშო დონით. ამიტომ, ჩვენი შეფასებით, COVID-19 შეიძლება ხასიათდებოდეს, როგორც პანდემია," - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრესიუსმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნები თავიანთ ხალხში გამოავლენენ ვირუსს, დაავადებულებს უმკურნალებენ, იზოლაციაში ამყოფებენ მათ, კვალს ნახავენ და მობილიზდებიან, მაშინ ყველა ქვეყანას ჯერ კიდევ შეეძლო პანდემიის მიმართულების შეცვლა.

ჯანმო-ში აღნიშნეს, რომ ახალი ვირუსუს წინააღმდეგ, რომელიც თავდაპირველად ჩინეთში გავრცელდა, ბრძოლის ახალი ფრონტის ხაზი ამჟამად იტალია და ირანი იყო.

"ისინი ახლა იტანჯებიან, მაგრამ მე გარანტიას გაძლევთ, სხვა ქვეყნები მალე ამ მდგომარეობაში იქნებიან," - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო ვითარებების ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4,378-მდე გაიზარდა. გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 121,230 შემთხვევა, აქედან 66,904 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამჟამინდელი ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსით 80 790 ადამიანი დაავადდა. აქედან 61 611 პაციენტი, ვისაც კორონავირუსი ჰქონდათ და გამოჯანმრთელდნენ, გაწერეს.

ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა ამჟამად იტალიაშია დადასტურებული - 10 149 დაავადების შემთხვევა. ჩინეთს გარეთ გარდაცვალების ყველაზე მეტი, 631 შემთხვევაც იტალიაშია. კორონავირუსის გამო 10 მარტს მთელი იტალია ჩაკეტეს.

რაც შეეხება საქართველოს, ამჟამინდელი მონაცმებით, ქვეყანაში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული​. უკანასკნელი ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 298, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 46 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები