კორონავირუსი

ჩინეთი: საზღვარგარეთ კორონავირუსის სიმპტომების მქონე ჩინელებმა ადგილზევე უნდა იმკურნალონ

RFI

ჩინეთმა საზღვარგარეთ მყოფ მის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ კორონავირუსის სიმპტომების მქონე ჩინელებმა ადგილზევე იმკურნალონ. ამის შესახებ პეკინში 11 მარტს განაცხადეს.

პეკინის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ფანგ სინგხუომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთის საზღვრებს გარეთ მყოფმა ჩინეთის მოქალაქეებმა მკურნალობა არ უნდა გადადონ და საზღვარგარეთიდან ვირუსის გავრცელება თავიდან უნდა აირიდონ.

ჩინეთში ბოლო რამდენიმე დღეა ახალმა კორონავირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო. ახალ შემთხვევებში ნაწილი უცხოეთიდან შემოტანილია. არსებული ინფორმაციით, ჩინეთში საზღარგარეთიდან ვირუსით დაინფიცირების 79 შემთხვევაა გამოვლენილი.

11 მარტს მთელ კონტინენტურ ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა - 22. 

ამჟამინდელი ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსით 80 790 ადამიანი დაავადდა. აქედან 61 611 პაციენტი, ვისაც კორონავირუსი ჰქონდათ და გამოჯანმრთელდნენ, გაწერეს. გაწერილ პაციენტებს 14 დღით კარანტინში ყოფნას ავალდებულებენ. ვირუსით 3,158 ადამიანი გარდაიცვალა.

10 მარტს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი კორონავირუსის თავდაპირველი გავრცელების ეპიცენტრში, ვუხანში ჩავიდა. ვირუსის გავრცელების შემდეგ ვუხანში ეს მისი პირველი ვიზიტია. 

როგორც ჩინური სახელმწიფო მედია წერს, კორონავირუსისთვის ვუხანში არსებული დროებითი 16 საავადმყოფო უკვე დაკეტეს. 

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4,378-მდე გაიზარდა. გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 121,230 შემთხვევა, აქედან 66,904 ადამიანი - გამოჯანმრთელდა.

ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა ამჟამად იტალიაშია დადასტურებული - 10 149 დაავადების შემთხვევა. ჩინეთს გარეთ გარდაცვალების ყველაზე მეტი, 631 შემთხვევაც იტალიაშია. კორონავირუსის გამო 10 მარტს მთელი იტალია ჩაკეტეს.

რაც შეეხება საქართველოს, ამჟამინდელი მონაცმებით, ქვეყანაში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული​. კარანტინის პირობობებში კი 298 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები