თურქეთი

ერდოღანი: ნაცისტების ქმედებებს და საბერძნეთის საზღვარზე ვითარებას შორის განსხვავება არაა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Getty Images

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან თურქეთის საზღვრებს მიგრანტებისთვის ღიას დატოვებს სანამ ევროკავშირი მის ყველა მოთხოვნას არ შეასრულებს:

"სანამ თურქეთის ყველა მოთხოვნა, მათ შორის თავისუფალი გადაადგილება, საბაჟო შეთანხმების გაუმჯობესება, ფინანსური დახმარება, არ შესრულდება, საზღვრებზე ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ. დათბობასთან ერთად მიგრანტების ტალღა, რომელიც ევროპისაკენ მიემართება მხოლოდ საბერძნეთით არ შემოიფარგლება და მთელს ხმელთაშუა ზღვაზე გავრცელდება." თქვა მან.

ერდოღანმა საბერძნეთის საზღვარზე არსებული სიტუაცია ნაცისტურ გერმანიას შეადარა:

"განსხვავება არ არის იმას შორის, რაც ნაცისტებმა გააკეთეს და იმ სურათებს შორის, რასაც საბერძნეთის საზღვართან ვხედავთ." თქვა მან.

მას შემდეგ, რაც ერდოღანმა მიგრანტებისათვის საზღვრები გახსნა, საბერძნეთის საზღვართან ათასობით მიგრანტი შეიკრიბა. ადგილი ჰქონდა სასაზღვრო დაცვასთან დაპირისპირებას. გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. მიგრანტები, რომლებმაც საზღვრის გადალახვა შეძლეს საბერძნეთის პოლიციას ცემაში და პირადი ნივთების ჩამორთმევაში ადანაშაულებენ.

საბერძნეთი ძალადობის ფაქტებს უარყოფს და სიტუაციის გამწვავებაში თურქეთს ადანაშაულებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ ჩრდილოეთ სირიაში ახალი კრიზისის ფონზე ევროკავშირთან მიგრანტების საკითხზე 2016 წელს მიღწეული შეთანხმება უნდა გადაიხედოს.

"ევროპის საზღვარი არა საბერძნეთი-თურქეთის საზღვართან, არამედ თურქეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ საზღვრებთან იწყება." თქვა მან და აღნიშნა, რომ 2016 წლის შემდეგ პირობები შეიცვალა და ევროკავშირმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.

ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მიგრანტთა საკითხის გადაწყვეტაში თურქეთის დასახმარებლად ევროკავშირის მხრიდან საჭიროა ვიზა ლიბერალიზაცია და საბაჟო შეთანხმების გაუმჯობესება.

სირიის იდლიბის პროვინციაში რუსეთის მხარდაჭერით ასადის ძალების მიერ წამოწყებული თავდასხმის შედეგად სახლები მიტოვება მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია. თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მიგრანტების ახალ ტალღას ვერ გაუმკლავდებოდნენ, ევროკავშირი არასაკმარისი დახმარების გაწევაში დაადანაშაულა და მიგრანტების ევროპის ქვეყნებისაკენ საზღვრები გაუხსნა.

2016 წელს ევროკავშირმა და თურქეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში არალეგალურ გადასულ მიგრანტებს თურქეთში აბრუნებდნენ. თავის მხრივ ევროკავშირი ქვეყანას მიგრანტებზე ზრუნვაში ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა.

თურქეთში ამ დროისთვის უკვე 3.6 მილიონი სირიელი მიგრანტია. ერდოღანს სურს ჩრდილოეთ სირიაში უსაფრთხო ზონები შეიქმნას და მიგრანტების დაბრუნება დაიწყოს. მან არაერთხელ მოუწოდა ევროკავშირს დახმარებისაკენ. თურქეთმა უკვე დაიწყო მიგრანტების ნაწილის დაბრუნება, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს იძულებით და მოტყუებით ხდება.

5 მარტს პუტინმა და ერდოღანმა იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შეთანხმების მიხედვით უნდა შეიქმნას 6 კილომეტრიანი ზონა იდლიბის პროვინციაში გამავალი მნიშვნელოვანი მაგისტრალის M4-ის ჩრდილოეთით და სამხრეთით. მაგისტრალი ალეპოს და ლატაკიას აკავშირებს. 15 მარტიდან მაგისტრალზე პატრულირებას რუსეთის და თურქეთის ერთობლივი პატრული განახორციელებს.

მოლაპარაკებებისას ერდოღანმა ვერ მიაღწია შეთანხმებას მის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე - უკან დაეხია ასადის ძალებს ახლად აღებული ტერიტორიებიდან. შეთანხმებაში ასევე არაა ნახსენები უსაფრთხო ზონის შექმნა, სადაც სირიელი მიგრანტები თავის შეფარებას შეძლებენ.

კომენტარები