უზენაესი სასამართლო

იუსტიციის საბჭომ უზენაესის თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძე წარადგინა

იუსტიციის საბჭომ უზენაესის თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძე წარადგინა. მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე საბჭოს 4-მა წევრმა წარადგინა, მათ შორის საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ. სხდომაზე მხოლოდ მის კანდიდატურას უყარეს კენჭი.

ქადაგიძის კანდიდატურას მხარი 12-მა წევრმა დაუჭირა. ნაზი ჯანეზაშვილმა ბიულეტინი გააუქმა. ანა დოლიძე პროტესტის ნიშნად სხდომას არ დასწრებია.

საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილი სხდომას და სხდომამდე საბჭოსა და მოსამართლეებს შორის გამართულ კონსულტაციებს "თამაშს" უწოდებს.

"გაუგებარია, რატომ გაიმართა კონსულტაციები. ამ შეხვედრაზე მოსამართლეებმა ორი კანდიდატი დაასახელეს - ნინო ქადაგიძე და შალვა თადუმაძე. თუმცა, საბჭოს სხდომაზე თადუმაძის საკითხი არ განხილულა, განიხილეს მხოლოდ ქადაგიძის საკითხი. 

ეს იყო შოუ. სპექტაკლი. ვის ატყუებენ, არ ვიცი, ალბათ თავის თავს ატყუებენ, ერთობიან ამ პროცესებით. ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლო სისტემა დაემსგავსა კლანის თამაშს. გაუგებარია, რატომ არ განიხილეს იმ ადამიანების მოსაზრება, ვინც თადუმაძე დაასახელა კანდიდატად და განიხილეს მხოლოდ ქადაგიძის მხარდამჭერების მოსაზრება. ჩემთვის ეს არის გაუგებარი, მაგრამ ეს ხალხი ამით ერთობა. სამწუხაროა, რომ სასამართლო სისტემა სერიოზულობას არის მოკლებული", - თქვა ჯაბეზაშვილმა. 

მისივე თქმით, ქადაგიძის კანდიდატურა მისთვის მიუღებელია, ვინაიდან ის უვადოდ დარღვევით არჩეული მოსამართლეა.

"კანონდარღვევით გახდა ის ამ მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი. მხარს არ ვუჭერ მას სწორედ ამიტომ. ჩვენს მართლმსაჯულებას ყველაზე მეტად აზარალებს ის, რომ მოსამართლეები მოკლებულები არიან ლეგიტიმურობას. ქადაგიძე ასევე იქნება მოკლებული ლეგიტიმურობას, როგორც ამ თანამდებობის პირი".

იუსტიციის საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე აქცენტს ქადაგიძის კვალიფიციურობაზე აკეთებს.

"მას აქვს პროფესიით მუშაობის დიდი გამოდცილება და აქვს თვისებები, რომელიც საჭიროა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის. თავისი საქმის უმაღლესი დონის პროფესიონალია", - თქვა მან.

პარლამენტში გასაუბრებისას ნინო ქადაგიძის პასუხი ორგანიზაცია GDI-ის ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის კითხვაზე ნახეთ აქ:

პარლამენტში გასაურებისას ნინო ქადაგიძის პასუხები "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას კითხვაზე, ნახეთ აქ:

მიქაუტაძისვე თქმით, ფარსი ნაზი ჯანეზაშვილის ის განცხადებებია, რომლებიც მან კონსულტაციების და საბჭოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

"დროზე ადრე, როცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის, კონსულტაცია არ გამართულა და საბჭოს არ უმსჯელია და ამ დროს წინასწარ ხდება ინფორმაციის გაჟღერება, რომ კანდიდატი იქნება ეს კონკრეტული მოსამართლე ან სხვა, სწორედ ეს არის ფარსი", - თქვა მან.

იუსტიციის საბჭოს სხდომამდე ნაზი ჯანეზაშვილი ამბობდა, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატად ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირს წარადგენდნენ, მათ შორის, მისი თქმით, შესაძლო კანდიდატები გიორგი მიქაუტაძე და შალვა თადუმაძე იყვნენ.

ქადაგიძე ერთ-ერთია იმ 14 მოსამართლიდან, რომელიც პარლამენტმა 2019 წლის 12 დეკემბერს უვადოდ დანიშნა. დანიშვნას წინ შერჩევის პროცესი უძღოდა, რომელსაც ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საბჭოს არამოსამართლე წევრები აპროტესტებდნენ. შერჩევის პროცესი საერთაშორისო ორგანიზაცია ეუთო/ოდირმა მწვავედ გააკრიტიკა.

ქადაგიძე გიორგი მიქაუტაძის მიერ წარმოდგენილ იმ 10-კაციან სიაშიც იყო, რომელიც მან 2018 წლის დეკემბერში წარმოადგინა და რომელსაც პროტესტი მოჰყვა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა 2018 წლის 2 აგვისტოდან ვაკანტურია - წინა თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე 3-წლიანი თავმჯდომარეობის შემდეგ, სწორედ ამ დღეს გადადგა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს კანდიდატურა არ წარუდგინა. 2018 წლის 16 დეკემბრიდან კი, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო, ძალაში კონსტიტუციის ახალი რედაქცია შევიდა, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიენიჭა.

კომენტარები