თურქეთი

თურქეთს სურს 2016 წელს ევროკავშირთან მიგრანტების საკითხზე მიღწეული შეთანხმება გადაიხედოს

მევლუთ ჩავუშოღლუ
Reuters

თურქეთის სახელმწიფო მედიასთან საუბარში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ ჩრდილოეთ სირიაში ახალი კრიზისის ფონზე ევროკავშირთან მიგრანტების საკითხზე 2016 წელს მიღწეული შეთანხმება უნდა გადაიხედოს.

"ევროპის საზღვარი არა საბერძნეთი-თურქეთის საზღვართან, არამედ თურქეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ საზღვრებთან იწყება." თქვა მან და აღნიშნა, რომ 2016 წლის შემდეგ პირობები შეიცვალა და ევროკავშირმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.

ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მიგრანტთა საკითხის გადაწყვეტაში თურქეთის დასახმარებლად ევროკავშირის მხრიდან საჭიროა ვიზა ლიბერალიზაცია და საბაჟო შეთანხმების გაუმჯობესება.

გუშინ, 9 მარტს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბრიუსელში ევროკავშირის და ნატოს ლიდერებს შეხვდა, თუმცა შეხვედრის შემდეგ განცხადება არ გაკეთებულა. შეხვედრაზე მიგრანტების საკითხი და თურქეთისა და საბერძნეთის საზღვარზე არსებული დაძაბულობა განიხილებოდა.

სირიის იდლიბის პროვინციაში რუსეთის მხარდაჭერით ასადის ძალების მიერ წამოწყებული თავდასხმის შედეგად სახლები მიტოვება მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია. თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მიგრანტების ახალ ტალღას ვერ გაუმკლავდებოდნენ, ევროკავშირი არასაკმარისი დახმარების გაწევაში დაადანაშაულა და მიგრანტების ევროპის ქვეყნებისაკენ საზღვრები გაუხსნა. ამას საბერძნეთის საზღვართან ათასობით მიგრანტის გამოჩენა და სასაზღვრო დაცვასთან დაპირისპირება მოჰყვა.

2016 წელს ევროკავშირმა და თურქეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში არალეგალურ გადასულ მიგრანტებს თურქეთში აბრუნებდნენ. თავის მხრივ ევროკავშირი ქვეყანას მიგრანტებზე ზრუნვაში ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა.

თურქეთში ამ დროისთვის უკვე 3.6 მილიონი სირიელი მიგრანტია. ერდოღანს სურს ჩრდილოეთ სირიაში უსაფრთხო ზონები შეიქმნას და მიგრანტების დაბრუნება დაიწყოს. მან არაერთხელ მოუწოდა ევროკავშირს დახმარებისაკენ. თურქეთმა უკვე დაიწყო მიგრანტების ნაწილის დაბრუნება, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს იძულებით და მოტყუებით ხდება.

5 მარტს პუტინმა და ერდოღანმა იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შეთანხმების მიხედვით უნდა შეიქმნას 6 კილომეტრიანი ზონა იდლიბის პროვინციაში გამავალი მნიშვნელოვანი მაგისტრალის M4-ის ჩრდილოეთით და სამხრეთით. მაგისტრალი ალეპოს და ლატაკიას აკავშირებს. 15 მარტიდან მაგისტრალზე პატრულირებას რუსეთის და თურქეთის ერთობლივი პატრული განახორციელებს.

მოლაპარაკებებისას ერდოღანმა ვერ მიაღწია შეთანხმებას მის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე - უკან დაეხია ასადის ძალებს ახლად აღებული ტერიტორიებიდან. შეთანხმებაში ასევე არაა ნახსენები უსაფრთხო ზონის შექმნა, სადაც სირიელი მიგრანტები თავის შეფარებას შეძლებენ.

კომენტარები