კორონავირუსი

საქართველოს 200 მოქალაქეს იტალიიდან დღეს, 10 მარტს, დააბრუნებენ

საქართველოს 200 მოქალაქეს იტალიიდან დღეს, 10 მარტს, დააბრუნებენ. მოქალაქეებს "ჯორჯიან ეარვეისი" რომი-თბილისის რეისით ჩამოიყვანს.  

"10:15-ზე გაფრინდა ჩვენი ყველაზე დიდი ბოინგი, რომელშიც 180 მგზავრის განთავსება შეიძლება. გაფრინდა მეორე თვითმფრინავიც, რომელშიც ეტევა 90 მგზავრი. დღევანდელი სიტუაციით საქართველოს 200 მოქლააქე ელოდება ჩვენს ორ თვითმფრინავს", - უთხრა მთავარს "ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორმა, რომან ბოკერიამ. 

რომან ბოკერიას ინფორმაციით, ერთი თვითმფრინავი უკან 19:40 წუთზე, მეორე კი 19:50 წუთზე დაბრუნდება. 

საქართველოს მოქალაქეები სპეციალურ შემოწმებას გაივლიან. რომან ბოკერიას ინფორმაციით, სათანადოდ იქნებიან აღჭურვილი პილოტები და ბორტგამცილებლებიც.  

კორონავირუსის გამო იტალია მთლიანად კარანტინის ზონად გამოცხადდა.  

მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები 6 მარტს შეჩერდა.

იტალიაში კორონავირუსით 9 172 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 463 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 724 პირი.  

იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, დაღუპულთა საშუალო ასაკი 81 წელია. მათივე ინფორმაციით, უმრავლესობას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

კომენტარები