პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

2019 წელს გაერთიანებული სამეფო საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი იყო

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2019 წელს საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილო ირლანდიის გაერთიანებული სამეფო იყო.

ბრიტანეთიდან გასულ წელს 247.8 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი ინვესტიციები შემოვიდა, რაც მთლიანი რიცხვის 19.5%-ს შეადგენს. 2018 წელს ბრიტანული ინვესტიციები 178.8 მილიონი დოლარის ტოლი იყო.

მეორე ადგილზე თურქეთია 236.5 მილიონი აშშ დოლარით, რაც ინვესტიციების 18.7%-ს უტოლდება. 2018 წელს თურქეთიდან 49.6 მილიონი დოლარის ინვესტიციები შემოვიდა.

საქართველოს მესამე ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანა 2019 წელს ირლანდია იყო, საიდანაც შემოსული ინვესტიციების მოცულობამ 132.7 მილიონს მიაღწია. 2018 წელს ირლანდიური ინვესტიციები 3.2 მილიონ დოლარს არ სცდებოდა.

ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  1. გაერთიანებული სამეფო - $247.8 მლნ - 19.5%
  2. თურქეთი - $236.5 მლნ - 18.7%
  3. ირლანდია - $132.7 მლნ - 10.5%
  4. აშშ - $99 მლნ - 7.8%
  5. პანამა - $78.1 მლნ - 6.2%
  6. ნიდერლანდი - $52.9 მლნ - 4.2%
  7. რუსეთი - $50.5 მლნ - 4%
  8. ჩინეთი - $40.4 მლნ -3.2%
  9. იაპონია - $39.2 მლნ - 3.1%

საქსტატის თანახმად, 2019 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა მილიარდ 267 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

გასულ წელთან შედარებით პიდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი უმნიშვნელოდ, 0.2%-ით გაიზარდა იმ პირობებში, როცა 2018 წლის მოცულობა 2017 წელთან შედარებით 34.9%-ით იყო შემცირებული.

 

კომენტარები