სუდანი

სუდანის პრემიერმინისტრი აბდალა ჰამდოკი ხარტუმში თავდასხმას გადაურჩა

9 მარტს სუდანის პრემიერმინისტრი აბდალა ჰამდოკი ხარტუმში თავდასხმას გადაურჩა.

ჰამდოკი სუდანის გარდამავალი მთავრობის მეთაურად გასულ წელს დანიშნეს მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი გადააყენეს. ჰამდოკი ეკონომისტი და გაეროს ყოფილი ოფიციალური პირია.

სამმა თვითმხილველმა თქვა, რომ თავდასხმა ხარტუმის ჩრდილოეთ ნაწილსა და ქალაქის ცენტრთან ახლოს მოხდა იქ, სადაც ჰამდოკის ოფისია.

როგორც ამბობენ, მის ავტომობილს მაღალი შენობიდან თავს დაესხნენ. სახელმწიფო რადიოში განაცხადეს, რომ ავტომობილს შეიარაღებული ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს, ხოლო სახელმწიფო ტელევიზიაში თქვეს, რომ ბომბი იყო.

"მე დავინახე აფეთქების მომენტი და თავდასხმა. ეს თავდასხმა მაღალი შენობიდან იყო," - თქვა ერთერთმა თვითმხილველმა.

"პრემიერმინისტრ აბდალა ჰამდოკის მკვლელობის მცდელობა არის რევოლუციის წინააღმდეგ აჯანყების სერიებში ახალი ეპიზოდი," - თქვა სამოქალაქო გაერთიანების ერთერთმა ლიდერმა ხალიდ ომერმა.

გასულ კვირებში ათასობით ადამიანმა სამხედრო საბჭოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამართეს და ჰამდოკსა დ ამის მთავრობას მხარი დაუჭირეს.

2019 წლის 11 აპრილს სუდანის პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირს ოცდაათწლიანი ავტორიტარული მმართველობის შემდეგ სამხედრო ძალებმა გადადგომა აიძულეს. 17 აპრილს სუდანის ყოფილი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი ხარტუმში კობარის ციხეში გადაიყვანეს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრალდებით, ბაშირი 2003 წლის სუდანის დარფურის რეგიონის გენოციდში მონაწილეობდა, რამაც 300 000 ადამიანს სიცოცხლე იმსხვერპლა.

გასული წლის ივლისში სუდანის მმართველმა სამხედრო საბჭომ და ოპოზიციის ლიდერებმა ძალაუფლების გაზიარებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით მომდევნო სამი წლის განმავლობაში მმართველი საბჭო როტაციის დაკომპექტდება. პირველი 21 თვე მას სამხედროები მართავენ, ხოლო შემდეგი 18 თვე სამოქალაქო ადმინისტრაცია.

სუდანში ომარ ალ-ბაშირის გადაყენების შემდეგაც გაგრძელდა ეკონომიკური კრიზისი. სამოქალაქო ჯგუფებსა და სამხედროებს შორის დაძაბული ურთიერთობაა, რის გამოც მთავრობას ეკონომიკური რეფორმების გატარების მცდელობის პარალელურად, მათ წინააღმდეგობა ხვდებათ.

კომენტარები