საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში მეფე სალმანის ძმა და სამეფო ტახტის ყოფილი მემკვიდრე დააკავეს

მეფე სალმანი
AP

საუდის არაბეთში სამეფო ოჯახის წარმომადგენლები დააკავეს. დაპატიმრებულია მეფე სალმანის ძმა, პრინცი აჰმედ ბინ აბდულ აზიზი და საუდის არაბეთის ტახტის ყოფილი მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ ნაიფი და მისი ძმა.

მათ გარდა დააკავეს კიდევ ორი პრინცი, რომლებიც კვირას გაათავისუფლეს.

ოფიციალური პირების თქმით დაკავებების მიზანი ახალი ტახტის მომკვიდრის წინააღმდეგ არსებული შეთქმულების ჩაშლა იყო. მათივე თქმით დაკავების ბრძანებას ხელი თავად მეფე სალმანმა მოაწერა. ანონიმური წყაროების მიხედვით ისინი დაკითხეს. The Guardian-ის წყაროს მიხედვით პრინცები ოჯახებს უკვე დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ კერძო ვილებში იყვნენ დაკავებული.

მუჰამედ ბინ ნაიფს ტახტის მემკვიდრის ტიტული 2 წლის წინ ჩამოერთვა და ის მეფე სალმანის შვილმა, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა ჩაანაცვლა, რომელმაც რეფორმების გატარება და სამეფო ოჯახის წევრების და მაღალი თანამდებობის პირების დაპატიმრება დაიწყო. ამის შემდეგ მუჰამედ ბინ ნაიფი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. დაკავებული პრინცები სამეფო ტახტის დაკავებაში მის მთავარ კონკურენტებს წარმოადგენდნენ. დაკავებების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის წევრ სხვა პრინცებს მოუწოდეს საჯარო განცხადება გაეკეთებინათ და მხარი დაეჭირათ მუჰამედ ბინ სალმანისთვის. 3 პრინცმა მსგავსი განცხადება ტვიტერზე გააკეთა. საჯარო განცხადების გაკეთების სურვილი გამოთქვა დაკავებულმა პრინცმა აჰმედ ბინ აბდულ აზიზმა.

მიუხედავად რეფორმებისა, მათ შორის ქალებისათვის მანქანის მართვის უფლების მიცემის და თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის, მუჰამედ ბინ სალმანის რეპუტაცია 2018 წლის ოქტომბერში სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობამ შეარყია. თავად მუჰამედ ბინ სალმანი მკვლელობასთან რაიმე კავშირს უარყოფს, თუმცა ის ფაქტი, რომ ხაშოგი სამეფო ოჯახს, კონკრეტულად კი ტახტის ახალ მემკვიდრეს მწვავედ აკრიტიკებდა და ამასთანავე მისი მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ მუჰამედ ბინ სალმანთან დაახლოებული პირები, მის განცხადებაში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა.

დაკავებების შემდეგ არსებობდა ეჭვი მეფე სალმანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე, რომლის გასაქარწყლებლად სამეფო ოჯახმა 84 წლის მეფის ფოტოები გამოაქვეყნა. ის მოვალეობის შესრულებას აგრძელებს და ელჩებს ხვდება. პრინცების დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე მან ასევე უმასპინძლა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ რააბს.

კომენტარები