კორონავირუსი

ახალი პაციენტებიდან ერთს იტალიიდან ჩამოსულთან ჰქონდა კონტაქტი, მეორე ესპანეთიდან ჩამოვიდა

Reuters

კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთს ე.წ მეოთხე პაციენტთან, იტალიიდან ჩამოსულ 44 წლის მამაკაცთან ჰქონდა კონტაქტი, ხოლო მეორე - საქართველოში ესპანეთიდან ჩამოვიდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, ეს ესპანეთის შემთხვევად უნდა ჩაითვალოს თუ იტალიის, რადგან დაავადებულს ესპანეთში იტალიელებთან ჰქონდა კონტაქტი.

"ორი ახალი პაციენტიდან ერთი გახლავთ მეოთხე პაციენტის კლასტერში, ანუ მას ჰქონდა კონტაქტი იმ პირთან, რომელიც მეოთხე ინფიცირებული შემთხვევაა. მეორე დადასტურებული შემთხვევა კი, ესპანეთიდან ჩამოსული პირია, მაგრამ მას ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტები ჰქონდა იტალიელებთან. ამიტომ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ეს შემოტანილი შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს ესპანეთის შემთხვევად, თუ იტალიის შემთხვევად. ამას ამ წუთში ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მოხდება ახალი პაციენტების კონტაქტების მოკვლევა“ - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაავადებული 14, ხოლო საჩხერის საავადმყოფოში - 1 პაციენტი მკურნალობს. ოთხ მათგანს ფილტვების ანთება აქვს, ერთის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები