ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განაცხადა, რომ მეცამეტე პაციენტი, რომლის ინფიცირებაც დღეს, 7 მარტის საღამოს დადასტურდა, იმ ადამიანთან იმყოფებოდა კონტაქტში, რომელიც იტალიაში დაინფიცირდა და რომელმაც ინფექცია კიდევ ორ პაციენტს გადასდო.
"დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა, ეს არის რიგით მეცამეტე ქვეყანაში. როგორც ვიცი, ეს პაციენტი არის ერთ-ერთი, ვინც კონტაქტში იმყოფებოდა იმ მამაკაცთან, რომელიც იტალიაში დაინფიცირდა, თბილისში ჩამოვიდა და რომელთანაც კავშირი ჰქონდა კიდევ ორ ადამიანს (ისინი დაინფიცირებულები არიან). ჯერჯერობით, ეს შიდა გადაცემა დაფიქსირდა სულ სამ შემთხვევაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაფიქსირდა ერთ ლოკაციაზე", - განუცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე სიტუაცია საგანგაშო არ არის და მდგომარეობა იმაზე დამაიმედებელია, ვიდრე ევროპაში.





