აჭარის ტელევიზია

თავდემები: ხელისუფლება ერევა აჭარის მაუწყებლის საქმიანობაში, ზღუდავს თავისუფალ აზრს

თავისუფალი დემოკრატები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს თავისუფალი აზრის შეზღუდვას უწოდებენ და ტელევიზიის თანამშრომლებს მხარდაჭერას უცხადებენ.

"თავისუფალი დემოკრატები ყოველთვის ვიყავით, ვართ და მომავალშიც ვიქნებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, მედიის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმიდინარე პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ერევა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში და მაქსიმალურად ზღუდავს თავისუფალ აზრს.


რეპრესიული მანქანა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აამოქმედა. ხელისუფლებას სურს, რომ მედიაში არ ან ნაკლებად ისმოდეს კრიტიკული აზრი და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.


თანამშრომელთა გათავისუფლება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და ამის წარმოჩენა ე.წ. რეფორმად კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ებრძვის არა მხოლოდ კრიტიკულად განწყობილ, პროფესიონალ ინდივიდებს, არამედ, ინსტიტუციებსაც. დეინსტიტუციონალიზაცია არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების "რუსული ოცნება" და მისი - ივანიშვილის მიზანია, საქართველოს რუსულ სივრცეში დაბრუნება.


,,თავისუფალი დემოკრატები" მხარს ვუჭერთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა თანამშრომელს, მათ შორის, უპირველესად, სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებულებს.
ჩვენ არ გვჯერა, რომ კონკრეტული მენეჯერები შეცვლიან გადაწყვეტილებებს, მაგრამ გვჯერა, რომ საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისათვის აუცილებელია კრიტიკული აზრი, თავისუფალი სიტყვა და დამოუკიდებელი მედია", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები უკვე რამდენიმე თვეა, ზეწოლაზე, დევნასა და ცენზურაზე საუბრობენ.

მრჩეველთა საბჭოს ახალი დირექტორის შესარჩევად რამდენიმე თვე დასჭირდა, კონკურსი არაერთხელ ჩაიშალა. მეხუთე მცდელობაზე, 2019 წლის 22 ნოემბერს, დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს, რომელის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა საშტატო განრიგის ცვლილება იყო. სწორედ მან, პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა და ის პუნქტები ამოიღო, რომლითაც მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა. ზოიძე იძულებული გახდა, ტელევიზია დაეტოვებინა. კოხრეიძისვე ინიციატივა იყო რამდენიმე თანამდებობის გაუქმება, მათ შორის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატის. ამ პოსტს ტელევიზიაში მაია მერკვილაძე იკავებდა, რომელიც კოხრეიძის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა. თანამდებობის დატოვება მასაც მოუწია.

6 მარტს აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, წამყვანს, რომელიც ტელევიზიაში მიმდინარე ცვლილებებს აპროტესტებდა, უფლებამოსილება შეუჩერა.

კომენტარები