თურნავა: საქართველოს მოქალაქეების იტალიიდან გამომგზავრების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ სახელმწიფო გაიღებს იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების გამომგზავრების ხარჯებს.

"მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იტალიიდან პირდაპირი რეისებით საქართველოში გამომგზავრებას აპირებდნენ. ჩვენ უკვე ვმუშაობთ, რომ ორგანიზებულად მოხდეს მათი ჩამოყვანა. ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო." - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

თურნავას განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საქართველოს საელჩო გაავრცელებს იტალიაში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა და იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.

რამდენიმე საათით ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ იტალიასთან ფრენების შეჩერება არ განიხილება, ვინაიდან ეს კიდევ უფრო გაართულებს ვირუსის გამოვლენას და მართვას.

საქართველოს მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი) მოგზაურობისგან.

ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ჯამში 9 შემთხვევაა გამოვლენილი. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. მათგან 2 ირანში დაინფიცირდა, ხოლო 7 - იტალიაში.

კომენტარები