ცხოველთა უფლებები

"ჯანმრთელი, ბირკიანი იყო" - რას ეყრდნობა სააგენტო, რომელმაც 3 წელში 2728 ცხოველს გაუკეთა ევთანაზია

თიკომ ლუნა დაახლოებით ერთი წლის წინ, კავთისხევში იპოვა. ძაღლი დაჭრილი იყო - მას ტყვიები ესროლეს. გადარჩენას და გამოჯანმრთელებას 9 თვის მანძილზე ცდილობდნენ. უკვე მიმკედლებელთან მყოფი ლუნა კი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დააძინა. თიკო გადაწყვეტილების მიმღები პირების დასჯას ითხოვს.

თიკო კვალიაშვილი ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის თავმჯდომარეა. ის უკვე მე-6 წელია, ყოველდღიურად ცდილობს დაეხმაროს ცხოველებს, რომლებსაც არ ჰყავთ პატრონი და რომლებზეც, ხშირად, ადამიანები ძალადობენ. თიკო ამან ხან საკუთარი ხარჯებით, ხანაც მეგობრებისა და უცხო ადამიანების დახმარებით აკეთებს.

ლუნა 2019 წლის 14 თებერვალს, კავთისხევში იპოვა. ძაღლს ტყვიები ჰქონდა ნასროლი და ვერ დადიოდა. ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი გამოჩნდა ადამიანი, ანა ლორია, ვინც მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობა აიღო.

იმის გამო, რომ ძაღლი ჯერ კიდევ სუსტად იყო, ანამ ფასიან შემფარებელს მიაბარა. ლუნას წამოყვანა მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში შეძლო, ერთ თვეზე ნაკლებ დროში კი მერიის სამსახურმა მას ევთანაზია გაუკეთა, რადგან ჩათვალა, რომ უპატრონოა.

ანა ტაბულასთან ჰყვება, რომ ძაღლი მისი კორპუსის ეზოში, სპეციალურად მისთვის გამზადებულ ხის სახლში ცხოვრობდა. იმის გამო, რომ რეაბილიტაციის პროცესი და შემფარებელთან ყოფნა დიდხანს გაგრძელდა, ჰქონდა ნაწოლები და იარები, რის გამოც კოჭლობდა, თუმცა მდგომარეობა უმჯობესდებოდა.

ძაღლის მიმკედლებლის თქმით, 17 იანვარს ლუნა არ დაბრუნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის სხვა ძაღლებთან ერთად ეზოდან გავიდა და ახლომდებარე ვეტერინარიულ კლინიკასთან მივიდა, სადაც ჩათვალეს, რომ დახმარება სჭირდებოდა და 112-ში დარეკეს, რათა შესაბამის სამსახურებს პატრონი ეპოვათ.

ანა ლორია და ლუნა
ანა ლორიას თქმით, ლუნას საჭდი (ე.წ. ბირკა) და საყელური ჰქონდა, რაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლებისთვის უნდა ყოფილიყო იმის მანიშნებელი, რომ ძაღლს პატრონი ჰყავს. 

სააგენტოში კი ამტკიცებენ, რომ ​ძაღლი რეგისტრირებული არ იყო და მონაცემთა ბაზაში მის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ ფიქსირდებოდა. რატომ არ გადაამოწმეს ცხოველი კერძო კლინიკების ბაზებში, რომლებიც თბილისში სულ რამდენიმეა, მაშინ, როცა ძაღლს ჰქონდა ყელსაბამი და საჭდი, უცნობია.

"ფაქტს იმის შესახებ, რომ ძაღლს არ ყავდა პატრონი ან მიმკედლებელი მიუთითებდა ისიც, რომ ძაღლი იყო მოუვლელი, ხანდაზმული ტრავმებითა და აბსცესირებული ჭრილობებით. ცხადი იყო, რომ ცხოველი იმყოფებოდა ქუჩაში, მინიმუმ რამდენიმე კვირის განმავლობაში უპატრონოდ, რასაც მისი სისხლმდენი ჭრილობები და ზოგადად, უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმობდა. ამასთან, ინიციატორმაც განაცხადა, რომ ძაღლი კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში ბინადრობდა", - ამბობენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.

ანა ლორია ამ განცხადებას არ ეთანხმება. ის ამბობს, რომ ლუნას მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთი თვიდან 10 დღე დარჩენილი ჰქონდა და მანამდე იმ კერძო კლინიკაში გაუკეთა კასტრაცია და საჭდი, სადაც ძაღლის ჯანმრთელობის ისტორია იცოდნენ.

სააგენტო ეყრდნობა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ცხოველი ხერხემლის პრობლემებითა და გართულებული ნაწოლებით 1 წლის განმავლობაში იტანჯებოდა. უწყება მიუთითებს კასტრაციაზეც და აღნიშნავს, რომ ამან ძაღლის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო საუბრობს ლუნას ჯანრთელობის მდგომარეობაზეც და აღნიშნავს, რომ ევთანაზია სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო გადაწყდა. უწყების ინფორმაციით, ვეტერინარის მიერ სრული შემოწმების, გარეგანი დათვალიერებისა და სხეულის დეტალური გასინჯვის შედეგად დადგინდა, რომ "ძაღლს აღენიშნებოდა ხერხემლის ტრავმა, უკანა კიდურებზე, ბარძაყის მიდამოში გართულებული ნაწოლები, აბსცესირებული სახით; უკანა კიდურების ნაწილობრივი პაეზი, რის გამოც ცხოველს უჭირდა გადაადგილება და ადგომა-დაწოლის დროს განიცდიდა ტკივილს. ასევე, ხერხემლის ტრავმიდან გამომდინარე ცხოველს დარღვეული ჰქონდა შარდვის აქტი. აღენიშნებოდა ჰიპოთერმია".

ანა ლორია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ძაღლის მდგომარეობა სიცოცხლეთან შეუთავსებელი არ ყოფილა.

ვეტერინართან ვიზიტის შემდგომი დოკუმენტი
"როცა ძაღლს აქვს დაზიანებული ხერხემალი, ის კუდს ვერ აქიცინებს. ლუნა კუდსაც აქიცინებდა, დარბოდა კიდეც, კატებს დასდევდა და ერთხელ ღობესაც გადაახტა. ძალიან თავისუფლად გადაადგილდებოდა, მაგრამ რადგან 9 თვის განმავლობაში შემფარებელთან იყო, კუნთები ჰქონდა დასუსტებული და როგორც ადამიანებს გვიჭირს დიდხანს სიარული ასეთ დროს, ასე იყო ისიც - ისვენებდა და მერე აგრძელებდა გზას, მარგამ სიცოცხლესთან შეუთავსებელი არანაირად არ ყოფილა. გადაყოლილი ვიყავი ძაღლზე, ქუდებს და ჯემპრებს ვუქსოვდი, რა მოუვლელობაზეა საუბარი, მართლა შვილივით მყავდა. ვერ ვაბანავებდი, რადგან ჯერ არ შეიძლებოდა, თან ქუჩაში ცხოვრობდა და ისე ვერ იქნებოდა, როგორც ოთახის ბინადარი ძაღლი", - ამბობს ანა ლორია.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მტკიცებით, დაუკავშირდნენ იმ პირსაც, რომელმაც 112-ში დარეკა, აუხსნეს მისი მდგომარეობა და შესთავაზეს გაეყვანა და ემკურნალა. უწყება ამბობს, რომ ინიციატორი დათანხმდა ჰუმანურ ევთანაზიას.

"აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, ცხოველის უკიდურესად მძიმე მდგომარეობისა და მეპატრონის არარსებობის პირობებში, მის შესახებ ინფორმაციის დაკარგულის სტატუსით გამოქვეყნება და შემდეგ, კანონით განსაზღვრული ვადით დალოდება, არაგონივრული და არაჰუმანური იქნებოდა", - აცხადებენ უწყებაში.

ანა ლორია და თიკო კვალიაშვილი კი ითხოვენ სააგენტომ წარმოადგინოს დოკუმენტი, დასაბუთება, ექიმის ცნობა, სადაც ჩანს, რომ ლუნა ევთანაზიას საჭიროებდა.

"საყელურიანი, ბირკიანი ძაღლი არც დაკარგულების შესახებ განცხადებებში განათავსეს, არც მოძებნეს, ჰყავდა თუ არა პატრონი. იყო აცრილი, იყო დაბირკული, ჰქონდა საყელური. დასკვნას ვერ დებენ, რატომ დააძინეს. იტყუებიან, მომაკვდავი იყოო, არადა, ჯანმრთელი იყო აბსოლუტურად, დავუდე სისხლის ანალიზიც და ვეტერინარის დასკვნაც. ვეტერინარის ოფიციალურ დასკვნაში წერია, რომ ეს ნაწოლები მის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნიდა. ამტკიცებენ ხერხემლის დაზიანება ჰქონდაო, თუმცა რენტგენი არც გადაუღიათ. რაღაც ვიდეო გვაჩვენეს, ძაღლი წევს მეტლახზე და კანკალებს, ფეხზე ვერ დგებოდაო. არადა, ლუნას ახასიათებდა ეს უცხო გარემოში, რადგან მომხდარი შემთხვევის გამო, მშიშარა იყო", - ამბობს თიკო კვალიაშვილი.

თიკო კვალიაშვილი და ლუნა
მან უკვე ერთ თვეზე მეტია თბილისის მერ, კახა კალაძეს მიმართა წერილით, სადაც ფაქტის შესწავლას ითხოვს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

რა პოლიტიკა აქვს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს და რას ეყრნობიან, როცა ევთანაზიის გადაწყვეტილებას იღებენ? ამ კითხვით ტაბულამ უწყებას მიმართა. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სააგენტოს დირექტორი, ვახტანგ ლომჯარია დაკავებულია და კითხვაზე წერილობით გვიპასუხებენ. წერილობით პასუხად კი საკრებულოს შესაბამისი დადგენილება გადმოგვიგზავნეს, რომლის მიხედვით, ცხოველების ევთანაზია დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური ტკივილის და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების გარეშე ან მინიმალურად მიყენებით, სპეციალური მედიკამენტების გამოყენებით.

"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში ასევე წერია, რომ ევთანაზიის გამოყენება შესაძლებელია იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარის და კინოლოგის/ფელინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შექმნილი კომისია დაუდგენს:

  • აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანებთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი);
  • ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის საშიშ დაავადებას;
  • ძლიერ ტრავმებს ან/და დაზიანებებს, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან;
  • III – IV სტადიის ონკოლოგიურ დაავადებებს;
  • დამბლას, პარეზს და სხვა განუკურნებელ დაავადებებს;
  • შეუქცევად დაუძლურებას, მათ შორის, სიბერის პროცესის გაღრმავების შედეგად;
  • ფიზიოლოგიურ ნაკლს (ახალშობილებში).

აღსანიშნავია იცის, რომ ევთანაზიასთან დაკავშრებით ეროვნული კანონმდებლობა არ არსებობს, საკრებულოს დადგენილება კი მხოლოდ თბილისს ეხება.

ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, თინათინ ჭავჭანიძე მიიჩნევს, რომ ევთანაზიის საფუძვლები დეტალურად უნდა იყოს გაწერილი. მისი თქმით, პრაქტიკა თვითდინებაზეა და ქაოტურია.

"ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი სტანდარტი, პოლიტიკა. ევთანაზიების უკან სამედიცინო დოკუმენტები არ დგას, ძირითადად, არის დათვალიერება, მაგალითად, როგორ ადგენენ თვალით სიმსივნეს? არ არის რენტგენი, ექოსკოპია, ერთადერთი, სისხლის ანალიზი შეიძლება გააკეთონ. ლუნას საქმემაც გვაჩვენა, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია პოლიტიკა ცხოველების ევთანაზიის საკითხში, ეს ყველაფერი მიშვებულია, ქაოტურია", - ამბობს ცხოველთა დამცველი.

ცხოველების ევთანაზიის საკითხი შეისწავლა მედიაპორტალმა "კაქტუსი". გამოცემის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ​ევთანაზიის აქტებში, რომელიც თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ინახება, ცხოველების ხელოვნურად მოკვდინების სამედიცინო ჩვენებები საკმარისად არ არის დასაბუთებული - ყველა აქტი ერთგვერდიანია და შაბლონურად ჰგავს ერთმანეთს, მათ უკან კი მყარი სამედიცინო მტკიცებულება არ დგას.

ამასთან, უმეტეს შემთხვევაში, დაავადების დიაგნოზი და ევთანაზიის გადაწყვეტილება ვიზუალური დათვალიერებით დადგა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ვეტერინარი "კაქტუსთან" ამბობს, რომ ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში, ბიოფსია არ ტარდება და მსგავს კვლევას ვერც ჩაატარებენ.

"ნებისმიერი წანაზარდი სხეულზე სიმსივნედ ითვლება", - ამბობს გიორგი სათადერაშვილი.

ცხოველთა დამცველი, თინათინ ჭავჭანიძე აღნიშნავს, რომ ევთანაზია ჰუმანური აქტია, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს მაშინ, როცა გადარჩენის პერსპექტივა არ არის და ცხოველი იტანჯება.

"ჩვენ, ცხოველთა დამცველები ამას ასე ვუყურებთ - როცა ცხოველს არ აქვს გადარჩენის შანსი, პერსპექტივაში აქვს ტანჯვით სიცოცხლე და ტკივილით სიკვდილი, ევთანაზია მის ტანჯვას უღებს ბოლოს. ამ შემთხვევაში, ეს არის ჰუმანური გადაწყვეტილება", - აღნიშნავს ის.

ტაბულამ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსგან გამოითხოვა ინფორმაცია ცხოველების ევთანაზიასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, ბოლო სამ წელში 2728 დააძინეს ხელოვნურად, მათ შორის არიან როგორც ძაღლები, ასევე კატები, ლეკვები და კნუტები. 

2018 წელს ევთანაზია ჯამში 967 ცხოველს გაუკეთეს, 2019 წელს კი 1679-ს. 2020 წლის მხოლოდ ერთ თვეში, იანვარში 82 ცხოველი დააძინეს.

​2018 წელი:

  • ძაღლები - 515
  • ლეკვები - 310
  • კატები - 63
  • კნუტები - 79

2019 წელი:

  • ძაღლები - 645
  • ლეკვები - 523
  • კატები - 155
  • კნუტები - 356

2020 წელი (მხოლოდ იანვარი):

  • ძაღლები - 42
  • ლეკვები - 34
  • კატები - 5
  • კნუტები - 1

კომენტარები