აშშ-ის კონგრესმა კორონავირუსთან საბრძოლველად $8 მილიარდი გამოყო

Reuters

აშშ-ის წარმომადგენელთა ქვედა პალატამ კორონავირუსთან საბრძოლველად 8 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. 

კანონპროექტს მხარი 415-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო ორი კი წინააღმდეგ წავიდა. ამ ეტაპზე კანონპროექტი სენატში გაიგზავნა, მოსალოდნელია, რომ ზედა პალატაში წინადადებას ამ კვირაშივე დაამტკიცებენ. 

დოკუმენტის მიხედვით, გამოყოფილი თანხიდან 3 მილიარდი დოლარი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ექსპრეს ტესტების და თერაპიული საშუალებების შესაქმნელად დაიხარჯება, 1,2 მილიარდი დოლარი კი - კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად აშშ-ის საზღვრებს გარეთ. 1 მილიარდი დოლარი მედიკამენტების შეძენას, ხოლო 2 მილიარდი - პროფილაქტიკურ ზომებს მოხმარდება. მანამდე ცნობილი იყო, რომ ახალ ვირუსთან საბრძოლველად თეთრი სახლი კონგრესისგან 2,5 მილიარდ დოლარს ითხოვდა. ამასთანავე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ იქნება წინააღმდეგი თუ კონგრესი ამ მიზნისთვის უფრო დიდ თანხას გამოყოფს. 

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 95 ათასს აღემატება, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 3284-ია.

კომენტარები