ეზუგბაია: ინფექციურში 25 პაციენტი რჩება, 11 პირს კორონავირუსზე ტესტი დღეს ჩაუტარდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ცნობით, კლინიკაში ამ დროისთვის 25 პაციენტია მოთავსებული, აქედან, დღეს, 5 მარტს, 11 პირს ახალ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება.

მარინა ეზუგბაიას ცნობით, გუშინ, 4 მარტს ინფექციურში მყოფ 21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტი, საიდანაც მხოლოდ ერთ პირს დაუდგინდა კორონავირუსი. ეს ახალი კორონავირუსით ინფიცირების მეოთხე შემთხვევაა საქართველოში.

როგორც ეზუგბაია განმარტავს, განსხვავებით წინა 3 შემთხვევისგან, ბოლოს გამოვლენილი ინფიცირებული პირის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. 

რაც შეეხება სამ პირს, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდათ, მათი მდგომარეობა კლიიკურად დამაკმაყოფილებელია და დაავადების პროგრესირება არ აღინიშნება.  

შეგახსენებთ, რომ ორი ადამიანი, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

რაც შეეხება ვითარებას საქართველოს საგლებს გარეთ - NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევა 84 ქვეყანაში გამოვლინდა. ინფიცირებულია 95 ათასზე მეტი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 53 ათასზე მეტი ადამიანი, დაიღუპა 3 285.

95 ათასიდან 80 409 დადასტურებული შემთხვევა არის ჩინეთში, თუმცა, ბოლო კვირების განმავლობაში ჩინეთში კლების დინამიკაა.

ჩინეთს გარეთ ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა სამხრეთ კორეაში - 5766; შემდეგ იტალიაში - 3089 შემთხვევა, ირანში - 2 922 შემთხვევა; იაპონია - 331; საყურადღებოა ზრდა გერმანიაში - 262 შემთხვევა საფრანგეთში - 285, აშშ - 151;

ჩინეთს გარეთ ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა არის იტალიაში - 107 შემთხვევა, შემდეგ ირანი - 92; შემდეგ სამხრეთ კორეა - 35.

კომენტარები