საფარი

ორგანიზაცია "საფარი" პროკურატურას 42 წლის ქალის საქმის არასწორად გამოძიებაში ადანაშაულებს

sapari.ge

ორგანიზაცია "საფარი" პროკურატურას 42 წლის ქალის საქმის არასწორად გამოძიებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება დედას, რომელიც სასჯელს ბავშვებზე ძალადობისთვის იხდის. 

ორგანიზაცია გენერალურ ინსპექციას პროკურორის პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით მიმართავს. 

"ჩვენ მოვითხოვთ, რომ პასუხისმგებლობა დადგეს პროკურორ ნათია ქომაშვილის, მთავარმა პროკურატურამ შეისწავლოს საქმე. ბავშვები იყვნენ მამისაგან ძალადობის მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბავშვებზე დედა არ ძალადობდა, ეს ადამიანი დღეს მაინც ციხეშია," - თქვა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ. 

უფლებადამცველების თქმით, ბავშვებს ჩვენებები მამის ზეწოლის შედეგად აქვთ ჩამორთმეული. ისინი ვარაუდობენ, რომ პროკურატურა მამას ხელს აფარებს. 

"ამ ეტაპზე, შეკრებილია არაერთი მტკიცებულება, რომელიც მამის მხრიდან ბავშვებზე ზეწოლასა და ძალადობას ადასტურებს. მათ შორისაა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს მამის მხრიდან ძალადობის შედეგად ბავშვებისთვის მიყენებული ტანჯვის განცდას. მიუხედავად ამისა, ბავშვები პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო. იგი კვლავ განაგრძობს ბავშვების რეტრავმატიზაციას. 4 მარტს, პროკურატურამ ბავშვებზე კომპლექსური ექსპერტიზა დანიშნა, რომლის დანიშვნის აუცილებლობა და საჭიროება არ დაუსაბუთებია.
საფარი უკვე საკმაოდ გაჭიანურებული საქმის ეფექტურ გამოძიებას და ბავშვების დაზარალებულად ცნობას ითხოვს," - წერია "საფარის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები