თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ცნობით, ახალ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა ინფექციურში მყოფ 16 პაციენტს, 16-ივე მათგანის პასუხები უარყოფითია. ისინი ინფექციური კლინიკიდან საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, ინფექციურში რჩება 24 პირი, აქედან 11 პაციენტს დღეს ჩაუტარდება ტესტი.
რაც შეეხება ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ 3 პირს, ეზუგბაია ამბობს, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია და ყოველდღიურად უტარდებათ გამოკვლევები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით დაავადების სამი შემთხვევა დადასტურდა. ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.





