გამყრელიძე ზიარების წესზე: მე ველოდები, ხვალ, ზეგ უწმინდესს ვეახლო და ამ საკითხზე ვესაუბრო

"გამიგებთ, რომ საპატრიარქოზე რამის თქმა საკმაოდ რთულია... მე შევთავაზე საპატრიარქოს სამედიცინო სამსახურს, როცა ეს საკითხი დაისვა... მე ველოდები, რომ ხვალ, ზეგ უწმინდესს ვეახლო და ამ საკითხზე ვესაუბრო. მინუსად ჩამითვალეს, როდესაც ვთქვი, რომ ვერ ჩავერევი ათასწლოვან რიტუალში. მე ვიძლევი რეკომენდაციას, რომ საჭიროა ჰიგიენური წესების დაცვა, რომელიც ეხება თვითონ იმ რიტუალსაც" , - ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ტვ პირველის ეთერში.

გამყრელიძის თქმით, საზოგადოებრივი საფრთხე თუ იქმნება, "მიუხედავად უღრმესი პატივისცემისა", მიცემული რეკომენდაციები ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ, როდესაც მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ინფექცია დაიწყო, იგი დაუკავშირდა საპატრიარქოს და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საპატრიარქოში "შესაბამისი გადამზადება" ჩაატარა, მათ შორის ერთ-ერთ დიდ ეპარქიაშიც.

"ანუ ჩვენ იქ, დედაოებს, მამაოებს, შესაბამის ჰიგიენურ წესებზე ჩავუტარეთ ტრენინგი. წავუღეთ და გადავეცით დისპენსერები, რადგან იქ ბევრი ადამიანი მიდის საპატრიარქოში

ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ ამ დროს გასაძლიერებელია და აუცილებელია ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა. ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა გულისხმობს ხშირად ხელების დაბანას, სველი წესით დალაგებას, დეზინფექციას, იმას, რომ ერთჯერადად გამოვიყენოთ პირბადეები, ჭიქები, საინექციო საშუალებები. ეს არის ჩემი რეკომენდაცია ყველასადმი, საპატრიარქოსადმი, ეკლესიისადმი. ეკლესიას შევთავაზე, რომ სადაც მრევლი იკრიბება, იქ იდგას დისპენსერები, სადაც ჩვენ შესვლის და გამოსვლის შემდეგ ხელებს დავიბანთ", - ამბობს გამყრელიძე.

საუბარია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ ერთჯერადი კოვზებით ზიარებას რეკომენდაციას გაუწევდა. ამავე საკითხზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ უწყება რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს არ გასცემს, თუმცა იძლევა ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ რეკომენდაციებს.

თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 29 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს.

ეკლესია ამბობს, რომ კოვზით ზიარების ათასწლოვანი პრაქტიკის განმავლობაში სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა "ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს".

კომენტარები