ინფექციურ საავადმყოფოში 27 პაციენტი რჩება - ინფექციურის სამედიცინო დირექტორი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ცნობით, კლინიკაში ამ დროის მონაცემებით, 27 პაციენტი რჩება.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 8 პაციენტის კორონავირუსზე ტესტირების პასუხი ცნობილია, მათ ვირუსი არ აღმოაჩნდათ. როგორც ეზუგბაია განმარტავს, ეს ადამიანები ინფექციური საავადმყოფოდან კარანტინის ზონაში გადაინაცვლებენ.

ეზუგბაიას თქმით, გვიან ღამით, ან დილისთვის, ცნობილი გახდება 13 პაციენტზე ჩატარებული ტესტის პასუხები.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ინფექციურ საავადმყოფოებში 41 ადამიანი იმყოფება, კარანტინში კი 117. 85-მა ადამიანმა საიზოლაციო სივრცეები უკვე დატოვა, თუმცა მათ ნაწილს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა.

ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადების სამი შემთხვევა დადასტურდა.

ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

კომენტარები