თურქეთი

ერდოღანი: მიგრანტებს საზღვარს აღარ დავუკეტავთ, ევროპა გავაფრთხილეთ, არ დაგვიჯერეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
AFP

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც თურქეთმა საზღვრები გახსნა, ევროპაში 18,000 მიგრანტი გადავიდა და მომდევნო დღეებში მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი 25,000-დან 30,000-მდე გაიზრდება.

მან თქვა, რომ ევროპის ლიდერები ურეკავენ და სთხოვენ მიგრანტების ნაკადი შეაჩეროს, მაგრამ საზღვრების დაკეტვა უკვე გვიანია და ევროკავშირის ქვეყნები თურქეთის მოწოდებების უგულებელყოფაში დაადანაშაულა.

"ჩვენ რამდენიმე თვის წინ ვთქვით, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, ჩვენ იძულებული ვიქნებოით გაგვეხსნა საზღვრები. მათ არ დაგვიჯერეს, მაგრამ ეს გავაკეთეთ. თურქეთი აღარ დაუკეტავს მიგრანტებს, რომლებსაც ევროპაში გადასვლა სურთ, საზღვრებს. ეს დასრულებული ამბავია. რატომ? ევროკავშირმა უნდა შეასრულოს დადებული პირობა. ჩვენ არ ვართ ვალდებული ამდენ მიგრანტს მოვუაროთ და გამოვკვებოთ." თქვა მან.

საბერძნეთმა უკვე გამოაცხადა, რომ შეაჩერა თურქეთიდან მომავალი 4,000-მდე მიგრანტი, რომლებსაც ქვეყანაში არალეგალური გზით შესვლა სურდათ. მათ საზღვრებზე ხალხის დასაშლელად ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას მიგრანტებს და სასაზღვრო დაცვის ძალებს შორის. საზღვარზე მობილიზებული არიან ქვეყნის სამხედრო ძალები. საბერძნეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ერთი თვით თავშესაფრის მაძიებელთა აპლიკაციების მიღებას აჩერებს და ყველა არალეგალურად შესული მიგრანტის დეპორტაცია მოხდება.

საბერძნეთის ტერიტორიაზე არალეგალური გზით გადასვლის მცდელობისას დაიღუპა ერთი არასრულწლოვანი. მიგრანტების ნავი კუნძულ ლესბოსთან გადაბრუნდა.

თურქეთმა საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას იდლიბის პროვინციაში ასადის რეჟიმის თავდასხმას 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა.

რუსეთის მხარდაჭერით ასადის რეჟიმის ძალების მიერ იდლიბის პროვინციაზე დაწყებული შეტევის შემდეგ მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუწია. ერდოღანმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ თურქეთი მიგრანტთა ახალ ტალღას ვერ გაუმკლავდებოდა და მის შედეგებს ევროპაშიც იგრძნობდნენ.

2016 წელს ევროკავშირმა და თურქეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში არალეგალურ გადასულ მიგრანტებს თურქეთში აბრუნებდნენ. თავის მხრივ ევროკავშირი ქვეყანას მიგრანტებზე ზრუნვაში ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა. შედეგად თურქეთში ამჟამად 3.7 მილიონი მიგრანტი იმყოფება და ერდოღანი ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან დახმარება საკმარისი არ არის. გასულ წელს თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია მშვიდობის წყარო დაიწყო. ერდოღანი ირწმუნებოდა, რომ მიზანს უსაფრთხო ზონის შექმნა წარმოადგენდა, სადაც მიგრანტებს დააბრუნებდნენ. თურქეთმა უკვე დაიწყო მიგრანტების სირიაში დაბრუნების პროცესი, თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს მოტყუებით და ძალდატანებით ხდება.

კომენტარები