აშშ-ირანი

პომპეო: ირანი, შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესახებ დეტალებს მალავდეს

მაიკ პომპეო
USStateDepartment

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ირანი, შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციას მალავდეს. პომპეომ ირანსა და ყველა სხვა სახელმწიფოს მოუწოდა, სიმართლე თქვან. 

"შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია იმ ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც ირანის რეჟიმი, შესაძლოა, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შესახებ არსებულ მნიშვნელოვან დეტალებს მალავდეს. ყველა ქვეყანამ, მათ შორის, ირანმა, სიმართლე უნდა თქვას კორონავირუსის შესახებ და ითანამშრომლობს საერთაშორისო დახმარების ორგანიზაციებთან"- უთხრა პომპეომ ჟურნალისტებს. 

ოფიციალური თეირანის ინფორმაციით, ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 16-ს მიაღწია და სულ ინფიცირების 95 შემთხვევა გამოვლინდა. 

ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ირანში აღირიცხა. ვირუსით დაავადების შემთხვევების უმრავლესობა თეირანთან ახლოს, ქალაქ კომში გამოვლინდა. 

ამასთან, გამოცემა Middle East Eye-ის ცნობით, ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ირაჯ ჰარირჩის, კორონავირუსი აღმოაჩნდა. სწორედ ჰარირჩი მართავდა ინფორმაციულ ბრიფინგებს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაავადების პირველი შემთხვევები დადასტურდა. ირაჯ ჰარირჩიმ კორონავირუსის ტესტი გუშინ, 24 თებერვალს გაიარა. 

კომენტარები