აშშ-ის არჩევნები 2020

აშშ-ის მთავრობის მიხედვით რუსეთი ბერნი სანდერსის საპრეზიდენტო კამპანიის დახმარებას ცდილობს

ბერნი სანდერსი / ვლადიმირ პუტინი

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ვერმონტის სენატორმა ბერნის სანდერსმა თქვა, რომ ოფიციალურმა უწყებებმა ის გააფრთხილეს რუსეთის მხრიდან მისი წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეწყობის მცდელობებზე და რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს აშშ-ის არჩევნებში ჩარევა. სანდერსმა ამის შესახებ კალიფონიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ისაუბრა.

"დაე ეს იყოს ნათელი, რუსეთს სურს საფუძველი შეურყიოს ამერიკის დამოკრატიას ჩვენი დაყოფით და ჩვენი ამჟამინდელი პრეზიდენტისაგან განსხვავებით, მე მათი ამ მცდელობის წინააღმდეგ მტკიცედ ვდგავარ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა უცხო ძალის, რომელსაც ჩვენს არჩევნებში ჩარევა სურს.

ეს გააკეთეს მათ 2016 წელს. ეს ყველაზე მახინჯი რამაა, რასაც ისინი აკეთებენ, ცდილობენ ქაოსი შექმნან, სიძულვილი დათესონ ამერიკაში. ეს მახინჯი საქმეა და ყველამ უნდა ვუთხრათ "ბოდიში, ამ არჩევნებზე ამას ვერ შეძლებთ."" თქვა მან.

სანდერსმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაგმო და ავტოკრატი ბანდიტი უწოდა, რომელიც ინტერნეტ პროპაგანდას განხეთქილების დასათესად იყენებს.

"ტრამპისაგან განსხვავებით პუტინს ჩემს კარგ მეგობრად არ მივიჩნევ. ის ავტოკრატი ბანდიტია რომელიც ცდილობს გაანადგუროს დემოკრატია და ჩაახშოს განსხვავებული აზრი რუსეთში."

"თუ პრეზიდენტად ამირჩევენ, დამიჯერე, შენ ვერ ჩაერევი ამერიკის არჩევნებში." მიმართა მან პუტინს.

სანდერსი ბოლო გამოკითხვებით დემოკრატიული პარტიის ნომინანტებს შორის პირველ ადგილზეა. ის ლიდერობდა აიოვასა და ნიუ ჰემფშირში ჩატარებულ დემოკრატიულ პრაიმერებშიც.

Facebook-ში ამბობენ, რომ მათ არ აქვთ რაიმე მტკიცებულება რუსეთის მხრიდან სანდერსის კამპანიის დახმარების დასადასტურებლად.

The Washington Post-ის მიხედვით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ამერიკელ კანონმდებლებს უკვე გააცნეს ინფორმაცია რუსეთის მხრიდან სანდერსის დახმარების მცდელობების შესახებ. უცნობია რა ფორმით ცდილობდა რუსეთი სანდერსის კამპანიის დახმარებას.

აშშ-ის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ შესაძლოა რუსეთმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასარგებლოდაც სცადოს. ტრამპმა ნევადაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ამას დემოკრატების მიერ წამოწყებული ჭორი უწოდა.

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა დაასკვნეს, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთმა კიბერ-თავდასხმები და დეზინფორმაციის გავრცელება გამოიყენა დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ. 2017 წელს რობერტ მალერმა ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის შესაძლო კავშირების თაობაზე გამოძიება დაიწყო. გამოძიებამ ვერ დაადგინა არსებობდა თუ არა შეთქმულება რუსეთსა და ტრამპის კამპანიას შორის. ტრამპმა გამოძიებას კუდიანებზე ნადირობა უწოდა.

კრემლში აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობას უარყოფენ. დმიტრი პესკოვმა ამას პარანოიდული განცხადებები უწოდა, რასაც, მისი თქმით, სიმართლესთან კავშირი არ აქვს.

კომენტარები