აშშ-ის არჩევნები 2020

კლობუშარმა, ბუტიჯეჯმა დემოკრატიული პარტიის ნომინაციისთვის ბრძოლაში მხარი ბაიდენს დაუჭირეს

ემი კლობუშარი და ჯო ბაიდენი
REUTERS

მინესოტას სენატორი ემი კლობუშარი 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ნომინაციისათვის ბრძოლას გამოეთიშა. მან და კიდევ ერთმა ყოფილმა კანდიდატმა პიტ ბუტიჯეჯმა მხარი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კანდიდატურას დაუჭირეს. კლობუშარი, ბუტიჯეჯი და ყოფილი ტეხასელი კონგრესმენი და ასევე ყოფილი კანდიდატი ბეტო ო'რურკი დალასში ბაიდენის კამპანიას შეუერთდნენ და მასთან ერთად ამომრჩევლებს შეხვდნენ.

"თუ ჩვენ მომდევნო 4 თვეს პარტიის დაყოფაში და ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გავატარებთ, მომდევნო 4 წელს მოგვიწევს იმის ყურება, როგორ ყოფს ტრამპის ჩვენს ქვეყანას." თქვა კლობუშარმა.

ხვალ, 3 მარტს "სუპერ სამშაბათი" იქნება, როდესაც პრაიმერი გაიმართება ერთდროულად 14 შტატში და ჯამში 1,357 დელეგატი გადანაწილდება. ამჟამად გამოკითხვებში ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი ლიდერობს. 2016 წლის არჩევნებში სანდერსი ნომინაციისათვის ბრძოლაში ჰილარი კლინტონთან დამარცხდა.

ნომინაციის მოპოვებისათვის ბრძოლაში რჩებიან ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი, მილიარდერი, ნიუ იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი და ჰავაის კონგრესმენი ტულსი გაბარდი.

გასულ კვირას კანდიდატურა მოხსნა კიდევ ერთმა კანდიდატმა, მილიარდერმა ტომ სტაიერმა. 38 წლის ბუტიჯეჯმა, რომელიც პირველი ღიად გეი კანდიდატი იყო, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატობაზე იყრიდა კენჭს, კანდიდატურა 2 მარტს მოხსნა. ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ ბუტიჯეჯი მას საკუთარ უფროს შვილს, ბოუ ბაიდენს აგონებს, რომელიც 2015 წელს სიმსივნისგან გარდაიცვალა.

კომენტარები