ქალთა მიმართ ძალადობა

ზურაბიშვილი: როცა ქალს კლავენ იმიტომ, რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მომავალ კვირაში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას აპირებს. ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში განიხილავენ ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ დამატებით საჭიროებებს და შესაძლო ინიციატივებს.

"ქალთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. შემაძრწუნებელია მკვლელობის ყველა შემთხვევა, მაგრამ როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა.

სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, კულტურას და საზოგადოებრივ კონსოლიდაციას.

აუცილებელია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ძალადობის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო, საზოგადოებრივი და მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობა და ძალისხმევა" - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მხოლოდ 2020 წელს, ოჯახში ძალადობის პირობებში სამი ქალი მოკლეს, ხოლო სამის - მკვლელობა სცადეს.

კომენტარები