აჭარის ტელევიზია

პროტესტის მიუხედავად, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ შტატების შემცირებას მხარი დაუჭირა

თეონა ბაკურიძე

პროტესტის მიუხედავად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ საშტატო ერთეულების შემცირებას მხარი დაუჭირა.

ინიციატივა, რომელიც ტელევიზიის ახლადდანიშნული დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს ეკუთვნის, რამდენიმე თანამდებობის გაუქმებას გულისხმობს.

ცვლილება შეეხო ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებას, უფროსის მოადგილეს მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. შესაბამისად, მათ ტელევიზიის დატოვება მოუწევთ.

კოხრეიძის ინიციატივას მხარი დაუჭირეს მრჩეველთა საბჭოს წევრებმა: სოსო სტურუამ, გიგა ჩხარტიშვილმა და თამილა დოლიძემ. გია ქარცივაძე და თამარ წილოსანი კი წინააღმდეგები იყვნენ. გადაწყვეტილება ძალაში 24 თებერვალს შევა.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები უკვე რამდენიმე თვეა, აჭარის უმაღლესი საბჭოს, მმართველი გუნდის და ტელევიზიის ახლადდანიშნული დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მხრიდან ზეწოლაზე, დევნასა და ცენზურაზე საუბრობენ.

საბჭოს სხდომის დაწყებამდე აჭარის ტელევიზიის შენობასთან მაუწყებლის წინააღმდეგ აქცია ქართული ოცნების მხარდამჭერებმა გამართეს და თქვეს, რომ მაუწყებელი ქართული ოცნების გაკეთებულ საქმეებს არ აშუქებს, რაც არასწორია.

კომენტარები