18 თებერვალს ტრამპის ადმინსტრაციამ ჩინეთის ხუთი სახელმწიფო, პროპაგანდული მედია Xinhua, China Global Television Network, China Radio International, China Daily და People's Daily კომუნისტური სახელმწიფოს აგენტებად, საგარეო მისებად გამოაცხადა.
ამიერიდან აშშ-ში მათ ისე მოექცევიან, როგორც საელჩოებს - აშშ-ში თავიანთი დაწესებულებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უნდა დაარეგისტრირონ, ასევე აშშ-ს მათ მიერ დასაქმებულების ვინაობა უნდა აცნობონ და მათი დათხოვნის შესახებაც უნდა აცნონ, იმ შემთხვევაში თუ მათ აშშ-ში ახალი საკუთრების შეძენა ან დაქირავება მოესურვებათ, ამისთვის წინასწარი თანხმობა უნდა ჰქონდეთ.
აშშ-ის მხარის თქმით, ამ გაადაწყვეტილების მიზეზი ჩინურ მედიაზე ჩინეთის მთავრობის გაზრდილი სახელმწიფო კონტროლი და პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ მათი გამოყენებით პრო-პეკინური პროპაგანდის მეტად აგრესიული გავრცელება იყო.
"შინაარსისა და სარედაქციო კონტროლმა მხოლოდ გააძლიერა სი ძინპინის ძალაუფლების სათავეში ყოფნის კურსი. ეს ფაქტობრივად ჩინეთის კომუნისტური პარტიის პროპაგანდის აპარატურაა," - თქვა ერთერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
აშშ-ის ერთერთმა მაღალი რანგის წარმომადგენელმა თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო დეპარტმენტი უკეთ გაიგებს თუ როგორ მოქმედებს აშშ-ში ჩინური დაწესებულებები.
კითხვაზე, ამ გადაწყვეტილების გამო ჩინეთი დასავლურ მედიაზე შურს იძიებდა თუ არა, აშშ-ის სახელმწიფო პირმა თქვა, რომ ჩინეთში უცხოური მედია დაწესებულებებს ისედაც საკმაოდ მკაცრ გარემოში უწევდათ მუშაობა, ხოლო აშშ-ში აღნიშნულ ჩინურ მედიებს რაიმე შეზღუდვა არ დაუწესდებოდათ:
"ეს ხალხი აქ, აშშ-ში მეტად თავისუფალ გარემოში მუშაობს, ვიდრე ნებისმიერი უცხოელი ჟურნალისტი ჩინეთში".
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნულ ჩინურ დაწესებულებებს უკვე წერილით მიმართეს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწვეტილება "უმიზეზო და მიუღებლად" შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთი 2019 წლის მედია თავისუფლების ინდექსით 180 ქვეყნიდან 177-ე ადგილს არის და მხოლოდ ერიტრეასა და ჩრდილოეთ კორეას უსწრებს.
გასული წლის სექტემბერში ჩინეთში გამოაცხადეს, რომ ჩინეთში პრეს ბარათის ასაღებად პრეზიდენტისადმი ერთგულების ტესტის ჩაბარება იქნება საჭირო.