ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ჰარცელი: ოკუპირებულ ცხინვალში შექმნილი კრიზისი ახალგორის გახსნის საფუძველი უნდა გახდეს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარულ კრიზისს შემაშფოთებელს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ვითარება ახალგორის ე.წ გამშვები პუნქტის გახსნის საფუძველი უნდა გახდეს.

"ჩემთვის ძალიან რთულია შექმნილი ვითარება სათანადოდ შევაფასო და ვისაუბრო იქ არსებულ მდგომარეობაზე. ამ პრობლემაზე აქამდეც არაერთხელ გამომითქვამს შეშფოთება. მათ შორის, გამშვები პუნქტების დახურვაზე. ჰუმანიტარული მდგომარეობა ის საკითხია, რომელიც მხედველობაში უნდა ვიქონიოთ. შექმნილი ვითარება უნდა გახდეს მიზეზი იმისთვის, რომ გამშვები პუნქტები გაიხსნას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანები ნაკლებად იტანჯებიან და პრობლემებიც ნაკლებია", - ამბობს ჰარცელი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის საზღვრიდან ტვირთებს არ ატარებენ. თითქმის 20 დღეა, მეწარმეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკვები პროდუქტების შეტანა არ შეუძლიათ. მიზეზად ის სახელდება, რომ ტვირთი საბაჟო წესებით გაფორმებული არ არის, თუმცა, მეწარმეების თქმით, წარმოდგენილი მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია.

ეს ცხინვალის რეგიონში საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტს და ჰუმანიტარულ კრიზისს ქმნის.

თუმცა, ოკუპირებული რეჟიმი ირწმუნება, რომ საკვების პრობლემა რეგიონში ჯერჯერობით არ არსებობს. ე.წ განათლების მინისტრის, ნინა ჯიოევას თქმით, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში 10 დღის საკვების მარაგი არსებობს, მათ შორის, მარაგშია კვერცხი და არაჟანი.

ასევე, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დეფიციტი არც საავადმყოფოებში იგრძნობა.

პარალელურად, ჩაკეტილია ახალგორიც, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას უზღუდავს. შექმნილია ჰუმანიტარული კრიზისი - არის საკვების და მედიკამენტების დეფიციტი.

კრიზისს ისიც ამწვავებს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა შეზღუდა იმ მედიკამენტების გაყიდვა, რომელსაც ქართული წარწერები აქვს.

კომენტარები