დღეს დილით გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერიამ ყაზახი ინვესტორებისგან საბურთალოს ქუჩაზე არსებული ჩოგბურთის კორტები გამოისყიდა.
"წინა ხელისუფლების დროს, 2009 წელს მე ამას დავარქმევდი კიდევ ერთ სამარცხვინო აქტს და ფაქტს. საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებულ კორტებს, მემგონი ყველამ ვიცით ეს ტერიტორია. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობდა ამ კორტებით, ბევრი ახალგაზრდა გაიზარდა ამ კორტებზე, წარმატებული სპორტსმენებიც. მთავრობამ 2009 წელს ეს ტერიტორია ყაზახურ კომპანიაზე გაასხვისა. ამ ადგილზე უნდა აშენებულიყო კორპუსები და კომპანიას შესაბამისი მოთხოვნაც ჰქონდა გაკეთებული, თუმცა ჩვენი ჩართულობით არ მივეცით ამის უფლება. მოსახლეობისგან იყო ძალიან და დიდი უკმაყოფილება და თხოვნები, რომ ქალაქისთვის კორტები დაგვებრუნებინა", — განაცხადა კალაძემ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხა გადაუხადა მერიამ ყაზახურ კომპანიას. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კალაძის თქმით, ადგილზე სპორტული კომპლექსის მოსაწყობად მერია ტენდერს გამოაცხადებს.
"ჩვენ გვინდა, რომ ეს ტერიტორია გავყიდოთ ჩავატაროთ ტენდერი და ამ ადგილზე მოეწყოს სპორტულიი კომპლექსი. 4 ჩოგბურთის კორტი, 1 ღია, ან, დახურული საცურაო აუზი და სატრენაჟორო დარბაზი", — თქვა კალაძემ.
მთავრობის სხდომაზავე მერმა შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების დავალება გასცა. კალაძემ მადლობა გადაუხადა, ქართული ოცნების ყოფილ წევრებს ვატო შაქარაშვილს და ლევან გოგიჩაიშვილის.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები აღარ არიან ჩვენს გუნდში და ხშირად გამოირჩევიან არასწორი მესიჯების გავრცელებით, ვალდებულად ვთვლი მადლობა გადავუხადო მათ ამ პროცესში ჩართულობისთვის.", — განაცხადა კალაძემ.





