აჭარის ტელევიზია

ომბუდსმენი აჭარა TV-ში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია: საფრთხე ექმნება მედია პლურალიზმს

ბათუმელები

საქართველოს სახალხო დამცველი აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. დღეს გავრცელებულ განცხადებაში ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ეს პროცესები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმს და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე. 

"გასათვალისწინებელია, რომ ტელეკომპანია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოირჩევა თავისუფალი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით, რაც არაერთხელ დადასტურდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებით. თუმცა, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის დირექტორს, ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების საკითხი", - აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მასთან შეხვედრის დროს, ჟურნალისტებმა გარკვეულ ფაქტებზე მიუთითეს, რომლის თანახმადაც, მიიჩნევდნენ, რომ საფრთხის ქვეშ დგებოდა კრიტიკული მაუწყებლობა და სარედაქციო დამოუკიდებლობა. 

გარდა ამისა, ომბუდსმენი საუბრობს შემთხვევაზე, როცა აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობის დროს, ახლად არჩეულმა დირექტორმა არხს კრიტიკული ტონი დაუწუნა. სახალხო დამცველი ასევე მიუთითებს ჟურნალისტების განცხადებაზეც, სადაც ისინი ამბობენ, რომ ახალი დირექტორი მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. განცხადებაში საუბარია დირექტორის პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის სარედაქციო პოლიტიკის მართვიდან ჩამოშორებაზეც.

ასევე, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ტელევიზიაში დაგეგმილი საშტატო ცვლილებების, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების და გადაცემა "ჰეშთეგის" ერთ-ერთი წამყვანის ეთერიდან მოსალოდნელი ჩამოშორების თაობაზეც.

ომბუდსმენის შეფასებით, ჩამოთვლილი გარემოებები კრიტიკული მედიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობის ეჭვებს აჩენს. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიების მესაკუთრეებთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი საქმეების წარმოების სიმრავლის გათვალისწინებით.

"საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს დემოკრატიულ საზოგადოებაში ჯანსაღი მედიის სასიცოცხლო ფუნქციას და იმედოვნებს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები უარყოფითად არ აისახება მედია გარემოზე და აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე, ხოლო არხის ჟურნალისტებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ გავლენებისგან თავისუფალი პროფესიული საქმიანობა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ აჭარის ტელევიზია წარმოადგენს საჯარო დაფინანსებით მოქმედ მაუწყებელს, რომლის შექმნის მიზანსაც გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი და მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება წარმოადგენს. თავის მხრივ, მსგავსი ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად, ტელევიზიას კანონმდებლობა არაერთ ვალდებულებას უდგენს, რომელთა ზედმიწევნით განხორციელებას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში არსებული პოლარიზებული მედიაგარემოს გათვალისწინებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს, შეთავაზებული საშტატო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება კრიტიკულად განიხილონ და მიიღონ დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მიმართული იქნება საზოგადოებაში არსებული ეჭვების გაქარწყლებისა და ტელეკომპანიის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფისკენ.

ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენების შესწავლას და მოახდენს საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას აგრძელებენ.

დღეს, 19 თებერვალს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ დღეს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაუჭერს თუ არა მხარს მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ინიციატივებს, რომლებიც საშტატო განრიგის ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის დირექტორის მოადგილის და საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობების გაუქმებას.

ტელევიზიის თანამშრომლები საბჭოს მოუწოდებენ, კოხრეიძის ამ წინადადებებს არ დაეთანხმონ. ისინი აჭარის უმაღლესი საბჭოს, ქართული ოცნების და გიორგი კოხრეიძის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაზე, ცენზურასა და დევნაზე საუბრობენ.

კომენტარები