სითი პარკის ჯარიმები

კალაძე: მოქალაქეებს კომპანია "სითი პარკის" მიერ გამოწერილი ჯარიმები ჩამოეწერებათ

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მოქალაქეებს კომპანია "სითი პარკის" მიერ გამოწერილი ჯარიმები ჩამოეწერებათ. კალაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი კანონ-პროექტზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

კალაძის ინფორმაციით, ჯარიმების საერთო ოდენობა, დაახლოებით, 850 000 ლარს შეადგენს.

თბილისის მერმა დღეს თქვა, რომ კომპანია სითი პარკთან მორიგების შემდეგ, მერიამ წამოიღო ევაკუატორები, სამკერდე კამერები, ტერმინალები და სხვა ინფრასტრუქტურა. ასევე შეისყიდეს ჯარიმების მოთხოვნის უფლება.

"ეს არის თავის დროზე კომპანია სითი პარკის მიერ გამოწერილი ჯარიმები, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს ჯარიმები ლახავდა მოქალაქეების უფლებებს და ეს იყო ერთერთი მიზეზი კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის. ჩვენ გვახსოვს, თუ რამდენად დიდი უკმაყოფილება იყო ამ კომპანიის მიმართ. დღეს ამ საქმიანობას აგრძელებს სატრანსპორტო კომპანია და შედარებისთვის გეტყვით, რომ წლის განმავლობაში მილიონ ორასი ათასი ჯარიმა იწერებოდა სითი პარკის მიერ, ჩვენ მიერ იწერება 500 ათასი ჯარიმა და ქალაქში არის წესრიგი და არ არსებობენ უკმაყოფილო ადამიანები," - ამბობს კალაძე.

თბილისის მერიამ კომპანია სითიპარკს 4.3 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა, სანაცვლოდ კომპანიამ შეწყვიტა სამართლებრივი დავა - უკან გაიხმო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი და უარი თქვა საარბიტრაჟო დავაზეც.

თბილისის მერიამ სითი პარკს ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილს შეუჩერა და საკუთარ თავზე აიღო პარკირების სისტემის მართვა.

კომენტარები